გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრობის კანდიდატებმა შესაძლოა, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომა დატოვონ

მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენასთან დაკავშირებული პროცედურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე ცხარე კამათის საგანი გახდა. არ არის გამორიცხული, ფრაქციის სხდომა პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებმა დატოვონ.

საქმე იმაშია, რომ უშუალოდ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიდან პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაში მხოლოდ ორი დეპუტატი - რომან გოცირიძე და ნიკა მელია მონაწილეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა სხვა წარმომადგენელი არის პარტიული ლიდერი და თბილისის საკრებულოს წევრები. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრს კითხვით რომან გოცირიძემ და ნიკა მელიამ მიმართეს, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ დააყენა საკითხი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები არ იყვნენ უფლებამოსილი კითხვით მიემართათ მთავრობის წევრობის კანდიდატებისთვის, რადგან შეხვედრა ფრაქციის ფორმატშია მოწვეული და პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს მთავრობის ანგარიშვალდებულებას ფრაქციის წინაშე.

თადუმაძის თქმით, თუკი ფრაქციის წევრებს კითხვები აღარ აქვთ, შეხვედრა უნდა დასრულდეს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ დაყენებული წინადადება ცხარე დისკუსიის საგანი გახდა.

როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, პარლამენტის რეგლამენტში არსად წერია, რომ შეკითხვის დასმის უფლება არ შეიძლება ჰქონდეს ფრაქციის წევრების მიერ მოწვეულ პირებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ისინი შეკითხვებს ფრაქციის წევრებს გადასცემენ და კითხვებით მთავრობის წევრებს დეპუტატები მიმართავდნენ.