ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ფუნქციონირების შესახებ ანგარიში წარადგინა

თბილისი. 20 დეკემბერი. ”ინტერპრესნიუსი” – ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთისა (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო და სერბეთი) და აღმოსავლეთ პარტნიორობის (მოლდოვა, საქართველო და უკრაინა) ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ფუნქციონირების შესახებ ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის თანახმად, ზემოაღნიშნული ქვეყნების მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულება გრძელდება, თუმცა, მაინც დგას რამდენიმე კონკრეტულ სფეროში მოქმედების საჭიროება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი ხანგრძლივვადიანი და მდგრადი განხორციელება.

"მოწადინებული ვართ, რომ შევუნარჩუნოთ უვიზო მიმოსვლა დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ საკითხს პასუხისმგებლობაც ახლავს, როგორც მოქალაქეების, ასევე შესაბამისი უწყებების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ ამ ქვეყნების ძალისხმევას, რომელიც მიმართული იყო წინსვლის შენარჩუნებასა და რეფორმებიდან კონკრეტული შედეგების მიღებაზე, მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მოველით, რომ ყველა ეს ქვეყანა გააძლიერებს უკანონო მიგრაციის და, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას“, - განაცხადა ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა.

ევროკომისარი მიესალმა საქართველოს ძალისხმევას, შეინარჩუნოს მიღწეული წინსვლა და რეფორმებმა კონკრეტული შედეგები გამოიღოს, თუმცა აღნიშნა, რომ დამატებითი ძალისხმევა აუცილებელია.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განაგრძოს საინფორმაციო კამპანია უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ, მყისიერად აამოქმედოს ევროპოლთან თანამშრომლობის შეთანხმება, კიდევ უფრო გააძლიეროს ტრანსსასაზღვრო სამართალდამცავი ღონისძიებები და სამართლებრივი თანამშრომლობა. აგრეთვე, უფრო ინტენსიურად განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ზომები“, - განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

ევროკომისიის დღევანდელი ანგარიში წარმოადგენს პირველ შეფასებას მონიტორინგის ახალი მექანიზმის ფარგლებში იმ რვა ქვეყნისთვის, რომელთაც დაასრულეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგი ევროკავშირთან. შეფასება ცხადყოფს, რომ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რვავე ქვეყანამ გამოავლინა მტკიცე ნება საჭირო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა არაერთი საფუძვლიანი რეფორმის განსახორციელებლად, რომლებიც განსაზღვრული იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში და ახლა აუცილებელია, მოხდეს აღნიშნული რეფორმების შენარჩუნება, რომ ამ ქვეყნებში მიღწეული შედეგები არ დაიკარგოს. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს იმ სფეროებზე, რომლებშიც დამატებითი მოქმედებაა საჭირო, განსაკუთრებით უკანონო მიგრაციისა და რეადმისიის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების კუთხით.

ანგარიშის თანახმად, რვავე ქვეყანა აგრძელებს ზომების მიღებას უკანონო მიგრაციის პრობლემის გადასაჭრელად, რაც შედეგს იძლევა. ამ ძალისხმევამ შედეგად გამოიღო ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის საკმაოდ თვალსაჩინო შემცირებამ ზემოხსენებული ქვეყნის მოქალაქეთა მხრიდან. თუმცა, გამოწვევები კვლავაც რჩება, განსაკუთრებით ალბანეთის შემთხვევაში. უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნებს შორის, ამ უკანასკნელიდან ყველაზე მეტი დაუსაბუთებელი განაცხადი შემოდის თავშესაფრის მოთხოვნაზე. ალბანეთის ხელისუფლება აქტიურად აძლიერებდა ზომებს უკანონო მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად და აუმჯობესებდა თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომლებშიც განაცხადების რაოდენობა ყველაზე მეტი იყო. უნდა მოხდეს ამ ძალისხმევის შენარჩუნება, რათა უვიზო მიმოსვლის განხორციელებას საფრთხე არ დაემუქროს. შესვლაზე უარის თქმისა და უკანონოდ დარჩენის მერყევი რიცხვების გათვალისწინებით, ევროკომისია მოუწოდებს ყველა ამ ქვეყანას, განახორციელოს კონკრეტული ქმედებები, დაწყებული სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებით და დამთავრებული უვიზოდ მოგზაურობის შესახებ საინფორმაციო კამპანიებით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თანამშრომლობა რეადმისიის ფარგლებში შეუფერხებლად მიმდინარეობს დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის უვიზო მიმოსვლის მქონე ყველა ქვეყანასთან, საერთო ჯამში დაბრუნების მაღალი მაჩვენებლით. დაბრუნებაზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, ევროკომისია მოუწოდებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, განაგრძოს რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტური განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში, გააფორმოს განხორციელების ოქმები დამატებით წევრ ქვეყნებთან.

ამასთან, მეტი მუშაობაა საჭირო კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად. მიუხედავად ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევისა, დანაშაულებრივი ჯგუფები ზემოხსენებული უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნებიდან კვლავ აქტიურად არიან ჩართულნი დანაშაულებრივ ქმედებებში ევროკავშირის მასშტაბით, რაც მოიცავს ადამიანებით და აკრძალული საქონლით ვაჭრობას, საკუთრების ხელყოფას, მიგრანტთა კონტრაბანდას და კიბერდანაშაულს. რვავე ქვეყანამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ორგანიზებული დანაშაულის პრობლემის გადასაჭრელად.

რაც შეეხება კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასა და მის აღკვეთას, განსაკუთრებით მოლდოვას ესაჭიროება მყისიერი მოქმედება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულთა ხანგრძლივვადიანი განხორციელება და აქამდე გატარებული რეფორმების მდგრადობა. ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, უკრაინამაც მყისიერად უნდა იმოქმედოს წინა რეფორმებით დანერგილი ანტიკორუფციული ზომების გასატარებლად და შემდგომი წინსვლის უზრუნველსაყოფად.

ევროკომისია კიდევ ერთხელ წარუდგენს ანგარიშს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს 2018 წელს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნათა განგრძობადი შესრულების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ანგარიში პასუხობს ევროკომისიის კანონიერ ვალდებულებას სავიზო რეჟიმის შეჩერების გაძლიერებული მექანიზმის ფარგლებში, რომელიც 2017 წლის მარტში იქნა მიღებული და ითვალისწინებს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნათა შესრულების უწყვეტ მეთვალყურეობას, აგრეთვე ამ საკითხებზე ანგარიშგებას ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთან სულ მცირე წელიწადში ერთხელ.

ევროკომისიის ანგარიშის თაობაზე ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა