ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ხურვალეთში 55 წლის ლალი ხაჩირაშვილი დააკავეს

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 55 წლის ლალი ხაჩირაშვილი დააკავეს. ხაჩირაშვილის საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გამყოფი ხაზის მიჯნაზეა, შესაბამისად, ოჯახის წევრები მუდმივად ადმინისტრაციული საზღვრის პერიმეტრზე გადაადგილდებიან, თუმცა, სხვა დროს პრობლემები არ შექმნიათ.

დაკავებულის ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ ხაჩირაშვილის ახლობლებს დაზუსტებული ინფორმაცია არ გააჩნიათ. ვარაუდობენ, რომ დაკავებული ქალბატონი ცხინვალის იზოლატორში ჯერ არ გადაუყვანიათ და სოფელ ხურვალეთის მოსაზღვრედ მდებარე წინაგარის მილიციის შენობაში ჰყავთ.

დაკავებულის ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ლალი ხაჩირაშვილი ხურვალეთში, მიუსაფარ მოხუცთა თავშესაფარში მუშაობს.