პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
დაპირისპირება გუშინ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. კვირიკაშვილის მიერ მელიას მისამართით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს „უნამუსო“ და „კორუმპირებული“ უწოდა.
„როგორც ძველი ბიჭი, ისე „იქაჩები“. შენ ხარ უნამუსო ადამიანი“, - მიმართა მელიამ კვირიკაშვილს.
თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ „პირველად გაიგო, პრემიერ-მინისტრი იგინებოდეს“.
„ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს. პრემიერის მხრიდან კატასტროფული გინება ისმოდა. დაპირისპირება მოჰყვა ნიკა მელიას განცხადებას, რომ პრემიერმა არ იცის ქვეყანაში არსებული რეალური ვითარება. ამის მერე კვირიკაშვილმა დაიწყო გინება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.