ირაკლი კობახიძე - ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას

ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის გუშინ მომხდარ ინციდენტს.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვეხმაურო იმ პროვოკაციას, რომელიც განხორციელდა ჩვენი კოლეგების, პარლამენტის კონკრეტული წევრების, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან. ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას. ასეთი ქმედებებით ჩვენ წინ ვერ წავწევთ საპარლამენტო კულტურას, პოლიტიკურ კულტურას ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ასეთ პროვოკაციებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. ჩვენ არჩევნების წინ ამომრჩევლის წინაშე კონკრეტული დაპირებებით წარვდექით, მათ შორის, იყო პოლიტიკური დაპირებები და ერთ-ერთი მთავარი დაპირება მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ - არჩვენების შემდგომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნებოდა რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენ ეს დაპირება პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით პირნათლად შევასრულეთ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის. მარცხთან შეგუებას სჭირდება ასევე ვაჟკაცობა და ეს ვაჟკაცობა ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან, კონკრეტულმა კოლეგებმა, სამწუხაროდ, ვერ გამოავლინეს, თუმცა ჩვენთვის მთავარია, რომ გავყვეთ ჩვენს დადებით, პოზიტიურ დღის წესრიგს, რომელიც აქვს ჩამოყალიბებული ჩვენს უმრავლესობას, მმართველ გუნდს, საქართველოს მთავრობას და დღეს სწორედ ამ საკითხებზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია, დღეს უნდა განვიხილოთ სიღრმისეულად ის დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილია მთავრობის მიერ. კიდევ ერთხელ უნდა ვიმსჯელოთ მთავრობის შემადგენლობასთან ერთად იმ გეგმებზე, რომელიც დასახული აქვს მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გუშინ კობახიძემ.