ემზარ კვიციანი გიორგი კვირიკაშვილს - არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი, მოსახლეობას შეიძლება ის უფრო ეწყინა, რომ დროზე არ აღელდით

თქვენ საზოგადოებას ბოდიში მოუხადეთ, რადგან აღელდით, ამისთვის არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი, პირიქით, მოსახლეობას შეიძლება ის უფრო ეწყინა, რომ დროზე არ აღელდით, - ასე მიმართა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე, ფრაქციის წევრმა ემზარ კვიციანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს.

ემზარ კვიციანმა სამართლიანობის აღდგენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ნაბიჯი წინ არ გადადგმულა.

„ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ ჩემი და გაამართლეს, როგორც ეკუთვნოდა, რა თქმა უნდა და ამაზე მადლობა ერთ-ორჯერ უკვე გადახდილი მაქვს, მაგრამ მარტო ჩემი და არ იყო იმ ადამიანების მიერ გაწამებული, რომლებიც დღეს აქ თავზე გედგნენ და თავხედობდნენ. თქვენ ლაპარაკი საზოგადოებასთან ბოდიშის მოხდით დაიწყეთ, რომ აღელდით - ამის გულისთვის არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი, პირიქით, მოსახლეობას შეიძლება ის უფრო ეწყინა, რომ დროზე არ აღელდით, იმხელაზე გათავხედებულები არიან უკვე. ეს ყველაფერი შედეგია იმ კოჰაბიტაციის, რომელიც თავს მოგახვიეს ჯერ თქვენ და მერე სრულიად საქართველოს“, - განაცხადა კვიციანმა და დასძინა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობა“ 9 წელი სვა სისხლი და ახლაც აგრძელებს.

„რომ ვუყურებდი ტელევიზორს, მოკლედ რა ვიცი, ამის ატანა თუ შეიძლება, ცოტა მეტი თავისუფლება გჭირდებათ“, - მიმართა კვიციანმა კვირიკაშვილს.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. დაპირისპირება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

კვირიკაშვილის მიერ მელიას მისამართით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს "უნამუსო" და "კორუმპირებული" უწოდა.

თავის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ "პირველად გაიგო, პრემიერ-მინისტრი იგინებოდეს". "ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს. პრემიერის მხრიდან კატასტროფული გინება ისმოდა. დაპირისპირება მოჰყვა ნიკა მელიას განცხადებას, რომ პრემიერმა არ იცის ქვეყანაში არსებული რეალური ვითარება. ამის მერე კვირიკაშვილმა დაიწყო გინება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა