გიორგი კვირიკაშვილი ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე - ჩვენ საკმარისზე გაცილებით ცოტა გავაკეთეთ

ჩვენ ვერ გავაკეთეთ საკმარისი, საკმარისზე გაცილებით ცოტა გავაკეთეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ალბათ, მომავალში მოგვიწევს უფრო დაჩქარებულ ტემპებში გადაწყვეტილებების მიღება. სამწუხაროდ, პროცედურულად ძალიან დიდი დრო მიაქვს პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტის მიერ ასეთი ტიპის საკითხების განხილვას. ძალიან დიდი მოცულობის საქმეებია და სპეციფიკა ასეთი ტიპის საქმეების, ძალიან რთულია დაჩქარდეს. გეთანხმებით, რომ ვითარება გამოსასწორებელია და სავარაუდოდ, რაღაც ნაბიჯების გადადგმა მასიურად მოგვიწევს, რომ გაუბედურებულ ადამიანებს დაუბრუნდეთ ქონება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტი კონკრეტულად შეეხო „ალბატროს ჯგუფის“ ხელმძღვანელისთვის ქონების ჩამორთმევის საკითხს და განაცხადა, რომ მან პირადად, ყველაფერი გააკეთა, რომ დავით ბეგიაშვილის მაღაზიას ფუნქციონირება განეახლებინა.

„რაც შეეხება ბატონი ბეგიაშვილის ქონებას, ჩემი მინისტრობის პერიოდში გავაკეთე მაქსიმუმი რაც შემეძლო. პირველ რიგში, გადაწყვეტილების სრულად მიღებამდე მას მივეცით საშუალება, რომ შესულიყო მაღაზიაში. მე მას პირადად შევხვდი. მას ჰქონდა პრობლემა, რომ ცნობილ სავაჭრო ბრენდებს გაეწყვიტათ მასთან ურთიერთობა. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მის მაღაზიას ფუნქციონირება განეახლებინა, რომ მას ეს კონტრაქტები არ დაეკარგა. ეს არის სიმართლე. შეგიძლიათ ჰკითხოთ მას, დარწმუნებული ვარ დაადასტურებს. რაც შეეხება იმას, რომ ქონება ბოლომდე არ დაბრუნდა, ამ საკითხს პირადად დავუბრუნდები. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სასამართლო სისტემაში ეს საკითხი ბოლომდე ვერ გავიდა. ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული უფლებამოსილების საზღვარი, ჩვენ არა გვაქვს უფლება ვიმოქმედოთ. თუ გვექნება რაიმე ბერკეტი მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანმა ქონება დაიბრუნოს“, - განაცხადა კვირიკაშცვილმა.

ჩამორთმეულ ქონებებზე კითხვა კვირიკაშვილს ფრაქცია“საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე, ირმა ინაშვილმა დაუსვა, თუ რას აპირებს მთავრობა ამ მიმართულებით.

„ბატონო გიორგი პირადად თქვენ მოაწერეთ ხელი ხელშეკრულებას „ალბატროს ჯგუფთან“, ბიზნესმენ დავით მეგიაშვილთან დაკავშირებით. სააკაშვილის დროს უკანონოდ წართმეული ქონება უნდა დაბრუნებოდა ჯერ კიდევ 4 წლის წინ. სამწუხაროდ, თქვენი ხელმოწერილი ხელშეკრულება არ არის ძალაში შესული. უკანონოდ წართმეული ქონება წართმეულად რჩება. არ დაბრუნებია ბეგიაშვილს ეს ქონება და მეტიც, უკანონოდ წართმეული ქონება მას დღეს იჯარით აქვს აღებული. დიდი იმედი მაქვს, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნობა ამას. მაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ იცით ამის შესახებ. არა მარტო ბეგიაშვილის თემა, უკანონოდ წართმეული ქონებები რჩება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, უამრავი ადამიანი გამოთქვამს წუხილს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.