პუტინის დეკემბრის პრესკონფერენცია - გლობალური მიზნები შეზღუდული შესაძლებლობებით

2017 წლის 14 დეკემბერს შედგა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სამ საათნახევრიანი პრესკონფერენცია ჟურნალისტებთან, სადაც აკრედიტაცია 1640-მა უცხოელმა და რუსმა ჟურნალისტმა გაიარა. ფაქტობრივად, ეს იყო წინასაარჩევნო მარათონის სტარტი მოქმედი პრეზიდენტისთვის. შეკითხვები მეტწილად შიდა პრობლემებს შეეხებოდა, როგორც რეგიონალური, ისე ფედერაციული მასშტაბის და რა თქმა უნდა, საერთაშორისო არენაზე არსებულ მიმდინარე საკითხებს.

პუტინმა პრესკონფერენციის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს აქვს პოზიტიური დინამიკა და გააჟღერა ისინი. მის წინასაარჩევნო პროგრამაზე კი თქვა, რომ ეს ფორმატი არ აძლევს მას ჩაღრმავების საშუალებას. პრიორიტეტულ მიმართულებებად დაასახელა განათლება, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურული პროექტები, ნანოტექნოლოგიების განვითარება და ჯარი.

აქვე ამ უკანასკნელზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამერიკასთან შეიარაღების ზრდაში შეჯიბრს რუსეთი არ აპირებს. რუსეთის ბიუჯეტი 46 მილ. დოლარია მაშინ, როდესაც აშშ-ს - 700 მილ. დოლარი, თუმცა რუსეთისთვის აღნიშნული თანხა სრულებით საკმარისია ქვეყნის დასაცავად.

ყველაზე საინტერესო, რაც შიდა პროცესებთან დაკავშირებით თქვა პუტინმა იყო ის, რომ მოქმედი პრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებელ კანდიდატად. მიუხედავად ამისა, მას დიდი იმედი აქვს მისი პოლიტიკური მხარდაჭერებისა და განსაკუთრებით ხალხის. შესაბამისად, პუტინმა გადაწყვიტა დისტანცირება მოეხდინა კორუმპირებული და ნაკლებად პოპულარული პოლიტიკური ელიტისგან და როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა (რომელსაც 300 ათასი ხელმოწერა დასჭირდება რეგისტრაციისთვის), ხალხისგან მიიღოს ამავე ეტაპზე მხარდაჭერა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა და ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმაც არჩევნების კონტექსტში დასვა შეკითხვა და ყურადღება გაამახვილა ოპოზიციური კანდიდატების შევიწროებაზე, კონკრეტულად ალექსეი ნავალნის მაგალითიც მოიყვანა.

მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ხელოვნურად ვერ შექმნის ძლიერ ოპოზიციურ კანდიდატებს. საინტერესოა ისიც, რომ პუტინს არც ამჯერად დაურღვევია ტრადიცია და ნავალნის სახელი ისევ არ უხსენებია. სამაგიეროდ, კიდევ ერთი ორიგინალური ეპითეტით შეამკო ის და მას რუსი სააკაშვილი უწოდა.

ასევე თქვა, რომ რუსეთში ოპოზიციის მიზანი მაედნების მოწყობაა და ის არ დაუშვებს იმას, რომ “ადგილობრივმა სააკაშვილმა” ქვეყანაში სიტუაცია არიოს, რეალურ საქმეზე ორიენტირებული პროგრამა კი ოპოზიციას არ აქვს და ამიტომაც არის ის ასეთი სუსტი რუსეთში და არ აქვს ხალხის მხარდაჭერა.

მიუხედავად იმისა, რომ მწვავე შეკითხვები საკმაოდ თავშეკავებულად ისმებოდა, იყო რამდენიმე მტკივნეული და ემოციური შეკითხვაც. იყო კითხვები პუტინის გავლენიანი (ოლიგარქების) მეგობრების სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, სამართლიანობის და კანონის უზენაესობის პრობლემებზე. კითხვები ისმოდა, როგორც ჩრდილოეთის მეტწილად დოტაციური ოლქებიდან, ისე ცენტრალური რეგიონებიდან.

რეგიონალური ჟურნალისტები ჯერ პრეზიდენტს მადლობას უხდიდნენ გაკეთებული საქმეებისთვის მათ რეგიონებში და მერე ყურადღებას ამახვილებდნენ ან შეუსრულებელ ,,დავალებებზე“ ან/და არსებულ მოუგვარებელ საჭიროებებზე. პუტინი მეტწილად ყველა პრობლემურ საკითხს პასუხობდა ერთნაირად - ერთი მხრივ პრეზიდენტი ამბობდა, რომ მან იცის ამ პრობლემების შესახებ, თუმცა სამწუხაროდ, ხელისუფლებას უხდება რესურსების თანაბრად და საჭიროებების შესაბამისად განაწილება და მეორე მხრივ, აქცენტი გადაჰქონდა ადგილობრივ ადმინისტრაციაზე და პირდებოდა ხალხს, რომ სათანადოდ გაერკვეოდა საკითხში.

როგორც ჩანს, პუტინი თავის გარემოცვაში ხელშეუხებლობის შეგრძნების შემცირებას კვლავინდებურად განაგრძობს და შიდა პოლიტიკის ეფექტურობის გაზრდას რეგიონალურ დონეზე ,,ჭანჭიკების მოჭერით“ შეეცდება, არჩევნებამდე მაინც.

საინტერესოა, რომ უცხოური პრესის წარმომადგენლებიდან, მხოლოდ ერთმა ევროპელმა ჟურნალისტმა შეძლო შეკითხვის დასმა და ეს იყო პოლონელი ჟურნალისტი, რომელიც მეორე წელია ზედიზედ ერთ და იმავე კითხვას უსვამს პუტინს - ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით.

ახალი პასუხი მას არც ამჯერად მიუღია. აღსანიშნავია, რომ პუტინს ევროპაზე საერთოდ არ უსაუბრია, მხოლოდ ერთხელ, უკრაინის კონტექსტში ახსენა პუტინმა მერკელი. რაც შეეხება დასავლურ სანქციებს, პუტინი სანქციებზე საუბრობდა, როგორც მოცემულობაზე და ისიც კი აღნიშნა, რომ დასავლეთს ყირიმთან მიმართებით ახალ რეალობასთან შეგუება ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს.

საგარეო ურთიერთობებზე საუბრისას ძირითადი აქცენტები გაკეთდა ჩინეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და უსაფრთხოების საკითხებზე. პუტინის განცხადებით, რუსეთი ჩინეთს სთავაზობს უმოკლეს გზას ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის გავლით ევროპული ბაზრის მიმართულებით.

რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება ასევე გაამახვილა სირიის, ავღანეთის, ჩრ. კორეასთან მიმართებით აშშ-თან თანამშრომლობის აუცილებლობაზე. ამავდროულად, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რუსეთი კონსტრუქციულ პოზიციებს შეინარჩუნებს ამ საკითხებთან მიმართებით და შემხვედრ ნაბიჯებს ელის სხვა პარტნიორებისგანაც.

აშშ-ზე საუბრისას, პუტინმა საკმაოდ მეგობრულად ისაუბრა ტრამპზე, ხოლო ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები კი საკმაოდ ირონიულად მოიხსენია. ასევე კრიტიკულად მოიხსენია აშშ-ის საგამოძიებო სამსახურები ოლიმპიური კომიტეტის მიერ რუსი სპორტსმენების მიმართ მიღებული გადაწყვეტილების კონტექსტში.

ასევე, პუტინმა ვრცლად ისაუბრა სირიის მიმართულებით რუსეთის წარმატებულ სამხედრო ოპერაციაზე და ყურადღება გაამახვილა კადიროვის და ზოგადად ჩრდილოეთ კავკასიელების - სუნიტების ეფექტურ როლზე სირიაში როგორც მიმდინარე სამხედრო კამპანიის, ისე სამშვიდობო მისიის კონტექსტშიც, რომლის ფარგლებშიც ისინი ახლაც რჩებიან ადგილზე.

სამი შეკითხვა დაისვა ჩრდილოეთ კავკასიელი ჟურნალისტების მიერ და სამივე მათგანი სხვადასხვა კონტექსტში სირიაში მიმდინარე პროცესსა და საერთაშორისო ტერორიზმს ეხმიანებოდა.

პოსტსაბჭოთა სივრცეზე საუბარი შემოიფარგლა ევრაზიული კავშირის მნიშვნელობასა და მისი განვითარების პოტენციალზე ყურადღების გამახვილებით. ასევე, დაისვა უკრაინელი ჟურნალისტის მწვავე შეკითხვა: თუ რამდენ ხანს გეგმავს რუსეთი აბსურდული პოზიციის შენარჩუნებას და სისხლისღვრის გაგრძელებას უკრაინაში?

უკრაინაზე პუტინმა საკმაოდ ვრცლად, 10 წუთი ისაუბრა. პასუხისას რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსეთის კონსტრუქციულ პოზიციას მინსკის შეთანხმებების შესრულების საკითხში და სრული პასუხისმგებლობა პროცესის გაჭიანურებაში უკრაინას და გერმანიას დააკისრა.

შიდა უკრაინული პროცესების შეფასებისას, მან ,,მეორე მაედანი“ გადატრიალებად შეაფასა. რუსეთის ლიდერმა უარყო დონბასში რუსი სამხედრო ნაწილების არსებობა და განაცხადა, რომ ადგილზე იმყოფებიან მილიციური შენაერთები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილობრივი მოსახლეობის დაცვას უკრაინელი ნაციონალისტებისგან, რათა არ მოხდეს სრებრენიცის (ბოსნიაში 1995 წელი) მსგავსი ხოცვა-ჟლეტა.

ასევე, პუტინმა სააკაშვილი ქართველი და უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფად შეაფასა. მან სინანული გამოხატა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი დღეს დარბის კიევის მოედნებზე და გაჰყვირის, რომ ის უკრაინელია. ის სწუხს, რომ უკრაინელებს აკლიათ პოლიტიკური მოწიფულობა. რუსეთის პირველმა პირმა საუბარი დაასრულა იმაზე ყურადღების გამახვილებით, თუ რამდენად ერთი ხალხია უკრაინელი და რუსი, და რომ დღეს ქვეყნები ევროპაში, აზიასა და ჩრ. ამერიკაც ინტეგრაციულ პროექტებში ხედავენ განვითარებას, შესაბამისად, რუსეთმა და უკრაინამ პრაგმატულ და მომგებიან ურთიერთობებზე უნდა გააკეთონ გათვლა.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ საგარეო არენაზე პუტინი მიღწეულ შედეგებს საკმაოდ წარმატებულად აფასებს და მიდგომების გადასინჯვას არ გეგმავს. რუსეთისთვის მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება აზია, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩინეთთან, ხოლო უსაფრთხოების კონტექსტში - ახლო აღმოსავლეთი და კორეის ნახევარკუნძული.

ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არ გადახედავს საერთაშორისო არენაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუმცა მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას იმ საკითხებზე, სადაც რუსეთს შეუძლია აშშ-თან ეფექტური თანამშრომლობა. საერთო ჯამში პუტინმა თავდაჯერებულად ისაუბრა საგარეო პრიორიტეტებზე მისთვის სასურველი აქცენტებით.

ამ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთის მოქმედი ხელისუფლება მიდგომების გადახედვას არც შიდა და არც საგარეო პოლიტიკაში უახლოეს მომავალში არ გეგმავს. შესაბამისად, პუტინის ხელისუფლების ვადის სავარაუდოდ განახლების შემდგომ მიდგომები უცვლელი დარჩება.

მაია ურუშაძე

”კავკასიური სახლის” ანალიტიკოსი

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს