ვასილ კაჭარავა - გაერო-ში იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე თავი უნდა შევიკავოთ - არც წინააღმდეგ უნდა მივცეთ ხმა და არც მხარი დავუჭიროთ

რასაც ტრამპი ლაპარაკობს, ის არ ნიშნავს, რომ ავტომატურად გატარდება ცხოვრებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამერიკანისტმა ვასილ კაჭარავამ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების შეფასებისას განუცხადა, სადაც ტრამპი იმ ქვეყნებისთვის დაფინანსების შეწყვეტას გეგმავს, რომლებიც გაერო-ში იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით აშშ-ს მხარს არ დაუჭერენ.

კაჭარავას თქმით, საქართველოს არაერთი არგუმენტი აქვს იმისთვის, რომ აშშ-ს რეზოლუციაზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავოს და ამასთან, ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობები არ გაფუჭდეს. პროფესორი მიიჩნევს, რომ ამისთვის ამერიკულ მხარესთან წინასწარი კონსულტაციებია საჭირო.

„მე მგონი, თავი უნდა შევიკავოთ. არც წინააღმდეგ უნდა მივცეთ ხმა და არც მხარი დავუჭიროთ. ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცეს საქართველო. ამერიკა ჩვენი მთავარი და ყველაზე ერთგული მოკავშირეა და არ უნდა დაგვავიწყდეს ეს. წინააღმდეგ, ალბათ, არ ღირს წასვლა არავითარ შემთხვევაში და ამ შემთხვევაში გაერო-ში არსებობს თავშეკავების მომენტიც. გასათვალისწინებელია ასევე ის რეალობა და გეოგრაფიული ვითარება, რაც გვაქვს - ვართ ისლამური სამყაროს გარემოცვაში, არ გვაქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორც ისრაელს, გარდა იმისა, რომ თავად ისრაელიც ძლიერი სახელმწიფოა. აქედან გამომდინარე, ვართ გაცილებით რთულ ვითარებაში. სასურველია, რომ ყოფილიყო წინასწარი კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან და გაგვეცნო ჩვენი პოზიცია, ჩვენი არგუმენტები - არგუმენტები, თუ რატომ უნდა შევიკავოთ თავი, საკმარისზე მეტია. ამერიკელები ითვალისწინებენ ყველაფერს და ხედავენ, სად ვართ და როგორ ვართ. რასაც ტრამპი ლაპარაკობს, ის არ ნიშნავს, რომ ავტომატურად გატარდება ცხოვრებაში. ტრამპს აქვს მიზანი, აჩვენოს დანარჩენ მსოფლიოს, ვინ არის ლიდერი და ამის ფონზე უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა და ურთიერთინტერესების გათვალისწინება“, - განაცხადა ვასილ კაჭარავამ.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა სხვა ქვეყნების მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების საკითხზე განცხადება გააკეთა.

„ისინი ასობით მილიონ დოლარს იღებენ ჩვენგან და მილიარდებსაც. შემდეგ კი ჩვენს წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ დავაკვირდებით იმ ხმებს. დაე, მისცენ ჩვენს წინააღმდეგ ხმა. ბევრ თანხას დავზოგავთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა