მამუკა ჟღენტი - PACE- ში რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენის საკითხზე მიხეილ ჯანელიძე არასწორ და ნახევრად დასაბუთებულ არგუმენტებს იშველიებს

ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის, მამუკა ჟღენტის შეფასებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენის საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ჯანელიძე „არასწორ და ნახევრად დასაბუთებულ არგუმენტებს იშველიებს“. ამის შესახებ მამუკა ჟღენტმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მამუკა ჟღენტი გამოეხმაურა მიხეილ ჯანელიძის განმარტებას იმის შესახებ, რომ რუსეთის დელეგაციისთვის PACE-ში ხმის უფლების აღდგენის საკითხი პარლამენტის გადასაწყვეტია და არა მინისტრთა კომიტეტის, ამასთან მინისტრთა კომიტეტში განხილვა დახურულია.

„საქართველოს ნამდვილად პროფესიონალი წარმომადგენელი ჰყავს სტრასბურგში და მის კომპტენეციაში ვინმეს მიერ ეჭვის შეტანა ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლებს. ბატონი მინისტრი კი, სამწუხაროდ, კვლავ არასწორ და ნახევრადდასაბუთებულ არგუმენტებს იშველიებს განცხადებაში. სრული სიმართლეა, რომ რუსეთის დელეგაციისათვის საპარლამენტო ასამბლეაში ხმის აღდგენის ექსკლუზიური კომპეტენცია საპარლამენტო ასამბლეას ეკუთვნის და შესაბამისად პარლამენტარებს. მაგრამ, იმავდროულად ყველასათვის ცნობილია, რომ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი, რომლის კომპეტენციაშიც ასევე არ შედის ეს საკითხი, აქტიურად აწარმოებს კამპანიას ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რუსეთის დელეგაციისათვის ხმის აღდგენის ხელშესაწყობად. ეს გასაგებიცაა, რადგან რუსეთი იმუქრება ორგანიზაციის ბიუჯეტში შენატანის გადახდის შეწყვეტითა და საერთოდ ორგანიზაციიდან გასვლით. ეს შანტაჟის მეთოდები არახალია და მე არანაირად არ მჯერა, რომ რუსეთის ინტერესებში იყოს ორგანიზაციიდან გასვლა. მაგრამ იმას, რომ გენერალური მდივანი და მინისტრთა კომიტეტიც ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ, არ გამოვრიცხავ. არ მაქვს ინფორმაცია რამდენად იყო განხილული ეს საკითხი მინისტრთა კომიტეტზე. ერთის მხრივ სიცრუეს ვერანაირად ვერ დავაბრალებ იმ პარლამენტარებს, ვინც ეს ინფორმაცია გააჟღერა, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან ვეჭვობ, რომ ასეთი განხილვის შემთხვევაში, საქართველოს მხარეს ე.წ. დათა თუთაშხიას სვანური მარილის პოზიცია შეერჩია. გარდა ამისა, მინისტრი ასევე ნახევრად სიმართლეს იძახის, როდესაც ბრძანებს, რომ ქვეყანას არ გააჩნია უფლება მინისტრთა კომიტეტის განხილვების გასაჯაროების. არის ნიუანსები, თუმცა საუკეთესო ახსნა იქნება, თუ ისევ ბატონი ჯანელიძის და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს გადავხედავთ მინისტრთა კომიტეტის, ისევე როგორც მინისტრთა მოადგილეების სხდომების თაობაზე, სადაც არათუ თემებზე, არამედ გამომსვლელთა ვინაობებზე და მათ მიერ დაფიქსირებულ პოზიციებზე გვაწვდიან ინფორმაციას. აქვე მინდა დავამატო, რომ სწორედ ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ და პირიქით, მივესალმები კიდეც. რეგულაციებით მანიპულირება პრინციპით „როდესაც მაწყობს ღიაა და როდესაც არა კონფიდენციალური“ მიუღებელია“, - განუცხადა ჟღენტმა „ინტერპრესნიუსს“.

მამუკა ჟღენტი ასევე პასუხობს მიხეილ ჯანელიძის შეფასებას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შორის დაპირისპირების თაობაზე, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია და პროვოკატორების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ უნდა იყოს.

„მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას პარლამენტი ამტკიცებს, საგარეო საქმეთა მინისტრი პოლიტიკური თანამდებობის პირია და მას გააჩნია უფლება გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები, მათ შორის გაახმოვანოს მისი მოსაზრება, თუ რამდენადაა ამა თუ იმ პარლამენტარის ადგილი პარლამენტში. ასეთი აკრძალვა მე კანონმდებლობით არ მახსოვს და ამ შემთხვევაში პოლიტიკური თანამდებობის პირის გადასაწყვეტია, რამდენად მიზანშეწონილი და კორექტულია ასეთი განცხადებების გაკეთება. თუმცა, როდესაც კეთდება განცხადება “პროვოკაციაზე” რეაგირებაზე, ვფიქრობ, ცოტა მეტი დაფიქრებაა საჭირო, მაშინ როდესაც სახეზე იყო ასევე უპრეცედენტო რეაგირება თუნდაც პროვოკაციაზე, რასაც ბატონი მინისტრი ბრძანებს. მით უმეტეს, რომ პრემიერ-მინისტრმა თვითონ გადაწყვიტა ეღიარებინა, რომ მისი მოქმედებები გამართლებული არანაირად არ იყო.

რაც შეეხება მინისტრის შეფასებას პარლამენტარების უნარებზე საგარეო პოლიტიკაში, ვფიქრობ, უნარებს სამწუხაროდ მარტო თანამდებობა არ განსაზღვრავს და მისგან ასეთი შეფასებების საერთოდ გაკეთებაც კი, ასევე სამწუხაროდ ნორმალური არ არის. თუმცა, ალბათ ეს სუბიექტურობასა და ზედმეტად თვითდაჯერებულობას უნდა დავაბრალოთ. ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, რამდენჯერ ბრძანდებოდა მინისტრი პარლამენტში, თუმცა, არსებობს კანონმდებლობა, რომლის განუყოფილი ნაწილიცაა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი და თუ მინისტრი არ მიდის პარლამენტში როდესაც ეძახიან, ის არღვევს აღნიშნულ კანონმდებლობას. ის, რომ საერთოდ ნამყოფია ანდა ხშირად დადის პარლამენტში ან მისი შენობის ახლომახლოს, ეს დამაკმაყოფილებელი არგუმენტი ვერ იქნება“, - განაცხადა მამუკა ჟღენტმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს