გიორგი გახარია - ვერ დავინახეთ არგუმენტები, რომლებიც საშუალებას მოგვცემდა, მძიმე ნარკოტიკების ნაწილში დეკრიმინალიზაციაზე ვილაპარაკოთ

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე თავისუფლების აღკვეთა დიდი ხნით ხდება, ხოლო ნარკოტიკის მომხმარებლის შემოწმების ფორმები არაადეკვატურია.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ დეპუტატ ლევან კობერიძის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

”მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ძალზე კომპლექსურ საკითხზე. მე მინდა მივესალმო და ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ეს შეკითხვა, განსაკუთრებით კი კომენტარი, რომ საკმაოდ შემჭიდროებული დრო იყო საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებისთვის, რამეთუ ვიცი, რომ ბატონი ლევანი ერთ-ერთი ინიციატორია ამ კანონპროექტის. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა ახალი მდგენელი გაჩნდა ამ პერიოდში. განსაკუთრებით უნდა გავიხსენოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებები, რომელიც მარიხუანას ეხება. მე ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის ღირსებას და შეუსაბამო სასჯელს, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს სერიოზული შანსი, რომ მივაღწიოთ დიდ პროგრესს. რა თქმა უნდა, როცა შეძენა-შენახვაზე თავისუფლების აღკვეთა დიდი ხნით ხდება, აქ არის გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ მოვილაპარაკოთ, ისევე როგორც ნარკოტიკის მომხმარებლის შემოწმების ფორმები არაადეკვატურია დღეის მდგომარეობით. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და დღეს თანამედროვე ტექნოლოგიებით ეს ყველაფერი არის მარტივად გადაწყვეტადი”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, შს მინისტრობის კანდიდატის თქმით, ეს არის უკვე მოცემულობა და ეს მდგენელი გათვალისწინებული უნდა იყოს.

”აქ, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს იმპლემენტაციის პერიოდში რომ არ გაგვექცეს ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე აქცენტის გაკეთება, განსაკუთრებით ახლგაზრდების კომპონენტში. რაც შეეხება ნარკოტიკებს, მოგეხსენებათ, შს სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია გახლავთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ამ ნაწილში ვერ დავინახეთ არგუმენტები. მაგალითად, სად არის ზღვარი მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის, ვერ დავინახეთ არგუმენტები, რომლებიც თავისუფლად მოგვცემდა საშუალებას, მძიმე ნარკოტიკების ნაწილში დეკრიმინალიზაციაზე ვილაპარაკოთ. ვერ ვხედავთ დღეს, რომ საზოგადოება ეკონომიკურადაც იყოს მზად. შს სამინისტრო არის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ნარკოდანაშაულზე და ჩვენ თუ დაგვანახებთ, სად არის ზღვარი ნარკოტიკის მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის, მერე შეიძლება სუბარი გავაგრძელოთ, თუმცა მადლობას გიხდით იმისთვის, რომ აფასებთ დროის კომპონენტს, მაგრამ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც შეიძლება ასე სწრაფად იყოს მიღებული, რამეთუ ეხება საზოგადოებას, მისი უსაფრთხოების, მისი ჰუმანურობის ნაწილსაც, თუმცა ჰუმანურობის ნაწილში დარწმუნებული ვართ, რომ მოვილაპარაკებთ”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მის განცხადებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც შს მინისტრობის კანდიდატის სულისკვეთება სრულად გაიზიარა.

”მე აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს სულისკვეთებას. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახსენენეთ, არის ზღვარი - სად იწყება წახალისება და სად გადის ზღვარი ჰუმანური მეთოდების გამოყენებას, ლიბერალურ მიდგომას და წახალისებას შორის. ეს ზღვარი ძალიან მკაფიოდ უნდა გავავლოთ. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი მომავალი თაობა ჯანსაღი ცხოვრების წესის სულისკვეთებით გავზარდოთ და არავითარ შემთხვევაში ჩვენი ლიბერალური მიდგომა არ გადავიდეს მოხმარების წახალისებაში. ეს არის მნიშვნელოვანი და ყველაზე კრიტიკული, რაც ამ დარბაზში დღეს ითქვა”, - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე შს მინისტრობის კანდიდატისგან, გიორგი გახარიასგან დაინტერესდა, თუ რა პოზიცია აქვს ნარკოპოლიტიკასა და ამასთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. შესაბამისი კითხვით კობერიძემ გახარიას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მიმართა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

”კითხვა მაქვს შს მინისტრობის კანდიდატთან. მივესალმები თქვენს რეფორმატორულ მიდგომას, რაც გაჟღერდა თქვენს გამოსვლებში, იქნება ეს კრიმინალურ პოლიციასთან თუ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. მაქვს სურვილი, გავიგო თქვენი პოზიცია ნარკოპოლიტიკასა და იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილია პარლამენტში”, - განაცხადა კობერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა