ირაკლი სესიაშვილი - ჩვენ გუშინ ვნახეთ განსხვავებული თავხედობაც, მრავალფეროვანი ტყუილებიც და ამას ნამდვილად ვერ ჩავთვლი დემოკრატიად

ჩვენ გუშინ ვნახეთ განსხვავებული თავხედობაც, მრავალფეროვანი ტყუილებიც და ამას ნამდვილად ვერ ჩავთვლი დემოკრატიად, - ასე შეაფასა ბოლო ორი დღის განმავლობაში პარლამენტში განვითარებული მოვლენები პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

”ბოლო ორი დღის განმავლობაში მოვისმინეთ განსხვავებული აზრები, არგუმენტები და ეს ყველაფერი დამახასიათებელია დემოკრატიისთვის. ჩვენი ხელისუფლება ვამაყობთ, რომ ეს პროცესები მიმდინარეობს პარლამენტში. თუმცა, ყველა განსხვავება ვერ ჩაითვლება დემოკრატიად. ჩვენ გუშინ ვნახეთ განსხვავებული თავხედობაც, მრავალფეროვანი ტყუილებიც და ამას ნამდვილად ვერ ჩავთვლი დემოკრატიად”, - განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, 2012 წელს ”ნაციონალურმა მოძრაობას” რომ გაემარჯვა, მმართველი გუნდის 20%, ალბათ, ციხეში იჯდებოდა.

”გიგა ბოკერიამ ერთხელ თქვა, რომ თქვენსა და ჩვენს შორის არის ფუნდამენტალური განსხვავება და მე მინდა აბსოლუტურად დავეთანხმო. მეტსაც გეტყვით, 2012 წელს, ”ნაციონალურ მოძრაობას” რომ გაემარჯვა, აქ განსხვავებული აზრებით კი არ ვილაპარაკებდით, ამ ნაწილის (”ქართული ოცნება”) 20% ციხეში იჯდებოდა. ვხედავ ჩემს კოლეგებს, რომლებიც 2012 წლის არჩევნების დღეს საკნებში ისხდნენ. ამ შემთხვევაში თქვენ ისეთივე ერთიანები იქნებოდით, როგორც 2012 წლამდე იყავით, ისეთივე შემართებით დაუკრავდით ტაშს ყველას, ვინც წამებაში, მიტინგების დარბევაში და სხვა უმსგავსობაში იყო ჩართული. ასეთივე შემართებით დააჯილდოვებდა თქვენი ყოფილი პრეზიდენტი იმ პირებს, ვინც ცნობილი მოძალადე იყო და პოლიტიკური ნიშნით ადამიანებზე ნადირობდა. 2012 წელს იყო ასეთი ღირსეული ოფიცერი მაკარაძე, რომელიც დაიჭირეს იმის გამო, რომ ჩემთან მეგობრობდა და ”ქართულ ოცნებას” მხარს უჭერდა. მას კი არ ჩაუდეს, არამედ პირდაპირ ოქმი დაანახეს, რომ თქვენ ”ლიმონკა” გქონდათო. თუ იტყოდა, რომ ირაკლი სესიაშვილმა მომცა ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ასაფეთქებლადო, მალე გაგიშვებთო. რა თქმა უნდა ამ კაცმა არ ითანამშრომლა და ის ციხეში აღმოჩნდა იმ პირობებში, რაც ვიდეოებში ვნახეთ. ამ ადამიანმა გუშინ სასამართლო მოიგო და ეს არის ის რეალობა და განსხვავება, რაც არის ჩვენს შორის”, - განაცხადა სესიაშვილმა.

მანვე ”ევროპული საქართველო” გააკრიტიკა და ყველაზე უნიათო მთავრობა უწოდა ყოფილი ხელისუფლების პირობებში.

”ეს დანაშაულები რომ ხდებოდა, როგორც ექცეოდით მედიას, როგორც ატერორებდით ბიზნესს, ეს ყველაფერი იცოდით და ახლა გვეუბნებით არ ვიცოდითო, რადგან არც ერთხელ გიღიარებიათ, თუ არ იცოდით. თუ არ იცოდით ბატონო გიგა, ყველაზე უნიათო მთავრობა ყოფილხართ თქვენ. მთელ ქვეყანაში ხდებოდა ადამიანების წამება, მიტინგებს არბევდნენ, აბა რის მთავრობა იყავით? თუ უნიათობაზე საუბრობთ, პირადად თქვენგან დაიწყეთ, როდესაც უშიშროების საბჭოს მდივანი იყავით”, - აღნიშნა სესიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო