რომან კაკულია - ამხელა პერიოდის გავლა შეცდომების გარეშე წარმოუდგენელია იმ სხვადასხვა მემკვიდრეობის გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანას ერგო

როდესაც საუბარია მთავრობის მხარდაჭერაზე, ორი მომენტია ყველაზე მნიშვნელოვანი - პირველი არის ხედვა, განსაკუთრებით იმ გუნდისთვის, რომელიც უკვე მეორე ვადით მართავს ქვეყანას და არის ხელისუფლებაში და ასევე, მნიშვნელოვანია გააზრება ახალი გამოწვევების, რომელიც დაგროვდა ამ ხნის განმავლობაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა რომან კაკულიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამხელა პერიოდის გავლა შეცდომების გარეშე წარმოუდგენელია იმ სხვადასხვა მემკვიდრეობის გამო, რომელიც ქვეყანას ერგო. „ოთხპუნქტიანი გეგმა ჩემთვის არ არის მხოლოდ იმ კონკრეტული ეფექტის მომტანი ეკონომიკური ხედვა, რომელზეც აქ ბევრი ითქვა. მე კარგად მახსოვს, მთავრობები როდესაც მოდიოდნენ, როგორი ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვა ჰქონდათ მათ. არავითარი მემკვიდრეობითობა ეკონომიკური ხედვის ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა. ჩემი აზრით, 4-პუნქტიანი გეგმის, განსაკუთრებით მისი ორი პუნქტის - ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის ყველაზე მთავარი ღირებულება არის ის, რომ არის ფუნდამენტური და როგორი განსხვავებული ხედვისაც არ უნდა იყოს შემდეგი გუნდი, რომელიც ქვეყნის მართვას გააგრძელებს, ის აუცილებლად დაიწყებს დაშენებას ამ ორ უმნიშვნელოვანეს ღირებულებაზე.

ცხადია ჩვენი გეოპოლიტიკური და ტურიზმის განვითარება ამ კუთხით არის დანახული. ხედვის თვალსაზრისით ეს არის უალტერნატივო გეგმა“, - აღნიშნა კაკულიამ.

მისივე თქმით, რაც შეეხება მეორე კრიტერიუს, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ახალი გამოწვევების დანახვა. „თავისუფალი ბაზარი - მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის გამოწვევებსაც შეიცავს. ცხადია, ეს პოლიტიკური გეგმა გარკვეულ გონივრულ დროში მოიტანს გონივრული რაოდენობით ადამიანების ჩართულობას ამ პროცესში, კეთილდრეობის შეძენის თვალსაზრისით.

როდესაც მე ვლაპარაკობ გამოწვევების დანახვაზე მწარმოებლობის გაზრდა და დანაზოგების ზრდა იქნება ის ორი უმნიშვნელოვანესი ორიენტირი, რითაც გაიზომება სამომავლოდ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებული ნაბიჯები. ეს არის სწორი დანახვა ჩვენი გამოწვევების. ასევე, ითქვა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება, ესეც ამის დადასტურებაა. მე მზად ვარ ჩემი კომიტეტის ფარგლებში და ჩვენი კომიტეტი მზად არის, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა დავუთმოთ ამ პრობლემის მოგვარებას, იმისათვის, რომ ის ჩვენი სწორი და უალტერნატივო ეკონომიკური ხედვა არ დაზარალდეს იმ პერიოდის გავლის პროცესში, ვიდრე ის თავის ძირითად შედეგებს მოგვცემს.

სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ჩვენ გვაქვს, მათი ეფექტურობის გაზრდისათვის თუ რამე არის საჭირო, ჩვენ ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ. მე ეს შესაძლებლობა დავინახე და მზად ვარ თქვენთან ერთად ვიმუშაო ამ მიმართულებით და ჩვენი კომიტეტი ცხადია მხარს უჭერს დღეს წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობას“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო