ზურაბ ბატიაშვილი - იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ჩვენ არ უნდა ვიქცეთ არც მოვლენათა კატალიზატორად და მითუმეტეს, არც სამიზნედ

აშშ ასე მარტო არასოდეს დარჩენილა საერთაშორისო ასპარეზზე, - ამის შესახებ აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი აცხადებს.

მისივე განცხადებით, ტრამპის ახლო აღმოსავლური პოლიტიკა ჩიხში შევიდა.

„აშშ ასე მარტო არასოდეს დარჩენილა საერთაშორისო ასპარეზზე. აშშ-მა და ისრაელმა მხოლოდ 7 არც თუ მნიშვნელოვანი ქვეყნის მიმხრობა შეძლეს, რაც პირდაპირ ურტყამს მათ პრესტიჟს.

მსოფლიო ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა კარგად აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ ახლო აღმოსავლეთში სტატუს-კვოს შეცვლის ნებისმიერი მცდელობაც კი ძალზედ სახიფათოა და ვაშინგტონის მცდელობის მიუხედავად, არ აპირებენ საკუთარი პოზიციის შეცვლას.

აშშ დღემდე იყო ერთადერთი ძალა, რომელსაც შეეძლო არაბები და ებრაელები რამეზე შეეთანხმებინა და რამდენიმე სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა კიდეც. ამის შემდეგ აშშ უკვე მხარეა კონფლიქტში და არა მედიატორი. ამიტომ გაურკვეველი ვადით გადაიდო სამშვიდობო პროცესი ახლო აღმოსავლეთში, რაც უამრავ ახალ საფრთხესა (მათ შორის ტერორიზმის) და გამოწვევას ქმნის როგორც შეერთებული შტატების, ისე მისი მოკავშირეებისთვის.

საქართველომ, ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შეინარჩუნა ნეიტრალური პოზიცია, რაც სწორია. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს როგორც აშშ-ისრაელთან, ისე მუსლიმურ სამყაროსთან. რომელიმეს მხარდაჭერა მეორე მხარესთან დაპირისპირებას ნიშნავს, რაც არაა საქართველოს ინტერესებში. ჩვენ არ უნდა ვიქცეთ არც მოვლენათა კატალიზატორად და მითუმეტეს, არც სამიზნედ“, - აცხადებს ბატიაშვილი.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე 128 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მ. 35 ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრისას.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას საქართველოს დელეგაცია დარბაზში არ იმყოფებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო