„ვისოლ ჯგუფი“ ქველმოქმედებას „დიმიტრი ცინცაძის ფონდთან“, World Vision- თან და We Help - თან ერთად განახორციელებს

„ვისოლ ჯგუფი“ ქველმოქმედებას „დიმიტრი ცინცაძის ფონდთან“, World Vision- თან და We Help - თან ერთად განახორციელებს. ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, სადაც „ვისოლ ჯგუფმა“ მემორანდუმი გააფორმა აღნიშნულ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან.

„ვისოლ ჯგუფი“, თავისი შვილობილი კომპანიების „ვენდის“, „დანკინ დონატსის“ და „სმარტის“ მომხმარებლებთან და საქველმოქმედო ფონდებთან ერთად დაეხმარება ადმიანებს, ვისთვისაც მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებლის, სოსო ფხაკაძის თქმით, „საქართველოში მოქმედ 3 წამყვან საქველმოქმედო ფონდთან, ჩვენი მომხმარებლის დახმარებით, შეგროვდება თანხა, რომელიც მოხმარდება იმ საქმიანობას, რომელსაც თითოეული ფონდი ეწევა საქართველოში. სამივე ფონდი საზოგადოებისთვის ცნობილია, ისინი წლებია მოღვაწეობენ. ჩვენ გვიხარია, რომ მათი დახმარებით, კიდევ ბევრი სიკეთის გაკეთების საშუალება გვეძლევა და დღეიდან „ვისოლ ჯგუფი“ თავისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის დანაპირებს - „ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს“ ახალ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს და გააფართოებს იმ მოწყვლად ჯგუფს, ვისაც აქამდე უწევდა თანადგომას.”

„დიმიტრი ცინცაძის ფონდი“ 2013 წელს ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად შეიქმნა. ფონდი ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტების გაერთიანების შედეგად დაფუძნდა. ის უკვე დაეხმარა 267 ბავშვს. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ფონდის დამფუძნებელმა კახაბერ ჯანაშვილმა აღნიშნა, რომ „ვისოლ ჯგუფის“ ყველა ობიექტში განთავსდება „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის“ შესაწირი ყუთები. „საქველმოქმედო ყუთები ყველასათვის გამჭირვალე და ხელმისაწვდომი იქნება. შეგროვებული თანხა კი მოხმარდება დიმიტრი ცინცაძის შვილობილებს, სადაც ამჟამად 210 ბავშვი ირიცხება.“ - განაცხადა მან.

ორგანიზაცია We Help დაარსდა 2013 წელს. ფონდის მთავარი მისიაა დააკავშიროს ბენეფიციარები, რომლებსაც ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება საზოგადოების ფართო მასებთან ონლაინ სივრცის მეშვეობით. ორგანიზაციის მიზანია, დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსება.

საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოში 1996 წლიდან ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად მუშაობს სიღარიბის და უთანასწორობის დასაძლევად. ორგანიზაცია მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ჯანსაღი, აქტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნას. ფონდის დირექტორმა, ეკა ჟვანიას თქმით, მიმდინარე ეტაპზე სამ თავშესაფარში მომსახურებას 120 მიუსაფარი ბავშვი იღებს. „დღევანდელი ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ „ვისოლ ჯგუფთან“ გავაფორმეთ, გვაძლევს შესაძლებლობას შემოწირულობის ყუთები განვათავსოთ ვენდის რესტორნებში და მომხმარებლების მიერ გაღებული თანხით, World Vision საქართველო მიუსაფარ ბავშვებს ყოველდღიურად სრულყოფილი და ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფს.“ - განმარტა მან.

(R)