„სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე - გარკვეულ რისკს ვხედავდი და მყავდა დაცვა, თუმცა ბრალდებული პირებისგან საფრთხეს არ ველოდი

მე გარკვეულ რისკს ვხედავდი და მყავდა დაცვა, თუმცა ბრალდებული პირებისგან საფრთხეს არ ველოდი, - ამის შესახებ ”სვეტის” დამფუძნებელმა გივი ჯიბლაძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა.

გივი ჯიბლაძემ დაკითხვისას მისი გატაცების დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ გატაცების დღეს დაცვა ადრე გაუშვა სახლში. ამასთან, გივი ჯიბლაძემ გაიხსენა, თუ როგორ ჩასვეს მანქანაში საკუთარ სადარბაზოსთან.

”კონკრეტულად სადარბაზოსთან საეჭვო არაფერი დამინახავს. იმყოფებოდა რამდენიმე მანქანა მიმდებარე ტერიტორიაზე. როდესაც სადარბაზოს მივუახლოვდი, გადმოვიდნენ პირები და ჩამსვეს მიკროავტობუსში. მე გარკვეულ წინააღმდეგობას ვუწევდი და ვყვიროდი, თუმცა შველას არ ვითხოვდი. რომ ჩამსვეს, თავზე ტომარა ჩამომაცვეს”, - განაცხადა გივი ჯიბლაძემ.

მისი დაკითხვის დროს როგორც სხდომათა დარბაზში, ასევე სასამართლოს დერეფანში მყოფი, ბრალდებულთა ახლობლების მხრიდან გარკვეული რეპლიკები ისმოდა, რის გამოც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით ”სვეტის” დამფუძნებლის, გივი ჯიბლაძის დაკითხვა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

”სვეტის” დამფუძნებლის, გივი ჯიბლაძის დაკავების საქმეზე 4 პირია ბრალდებული: ნიკოლოზ ბახტაძე, ნიკიფორე კუტალაძე, დავით ბერეჟიანი და ლევან ჩქარეული. გამოძიება მათ გამოძალვას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.