„თავისუფალი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. „ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ზუსტად 26 წლის წინ თბილისში დამოუკიდებელი საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას ქვემეხები დაუშინეს.

1. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ცდილობენ გააყალბონ ისტორია სხვადასხვა ტერმინებით, როგორიცაა მაგ. „სამოქალაქო ომი“ ან „გამსახურდიას შეცდომებმა ერი შუაზე გაყო“, რეალურად ამბოხებას ქონდა ორი ძირითადი მიზეზი:

საგარეო (გადამწყვეტი) ფაქტორი: გამსახურდიამ უარი თქვა ელცინის ულტიმატუმზე: 22 დეკემბერს ალმა-ატაში ხელი მოეწერა დსთ-ს დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე. რუსეთის მიერ მართულ პროცესს ჰქონდა სრული, უპირობო და ურცხვი მხარდაჭერა აშშ-სა და ევროპის მხრიდან;

საშინაო ფაქტორი: გამსახურდია არ აღიარებდა წითელი ელიტის არცერთი პრივილეგირებულ ჯგუფის განსაკუთრებულ უფლებებს თანამდებობებზე, სახელმწიფო ქონებაზე, ბიუჯეტის ფლანგვაზე, „ვოლგებზე“, „პაეზდკებზე“, „დაჩებზე“ და ა.შ. ამ მიზეზით დაუპირისპირდნენ მას რაიკომის მდივნები, წითელი ინტელიგენცია და წითელი დირექტორები, კანონიერი ქურდები და მხედრიონი;

2. სამხედრო გადატრიალების შედეგი იყო არა მხოლოდ გამსახურდიას განდევნა, არამედ ქართული სახელმწიფოს თანმიმდევრული ნგრევა, რაც დღემდე გრძელდება:

- კანონიერების, სამართლიანობის, კონსტიტუციის უზენაესობის როგორც პრინციპის უგულებელყოფა;

- სახელმწიფო სტრუქტურები ხელში ჩაიგდო პრივილეგირებულმა ელიტამ, რომლებიც ინარჩუნებდენ და ინარჩუნებენ გავლენას შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის რეჟიმის პირობებში;

- საქართველომ დაკარგა კონტროლი ჯერ ცხინვალის რეგიონში, შემდეგ - აფხაზეთზე;

- ათობით მილიარდის ღირებულების სახელმწიფო ქონება კაპიკებში (კუპონებში) ხელში ჩაიგდო რამოდენიმე ათეულმა ოჯახმა (როგორც ახლა იტყვიან წარმატებულმა ბიზნესმენებმა);

- 1990-91 წლების შემდეგ აღარ ჩატარებულა არჩევნები სადაც გადამწყვეტი არ იქნებოდა ფული და ადმინისტრაციული რესურსები;

- 1992-1995 წლებში ჩატარდა უმაგალითო მასშტაბის მხეცური რეპრესიები, მომიტინგეთა ადგილზე დახვრეტები თბილისში, მთლიანი სოფლების გადაწვა სამეგრელოში, ცოცხალი ადამიანისთვის ხელის მოკვეთა ხობში და ა.შ. (ამ ფაქტების დიდი ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია);

3. სამხედრო გადატრიალების თემა დღემდე ტაბუირებულია მმართველი ელიტის და ე.წ. „ცენტრალური“ არხების თუ „სამოქალაქო“ სექტორის მიერ;

არ ჩატარებულა სამხედრო გადატრიალების გამოძიება არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში (ბოლო 2 მთავრობას/ პროკურატურას მივმართე პირადად, წერილობით, კანონით გათვალისწინებული ფორმალობების დაცვით, შესაბამისად 2007 და 2013 წლებში).

4. იმ პირობებში როდესაც ყველა მაროდიორი, რომელიც ესროდა თბილისს და სამეგრელოს ატარებს „ვეტერანის“ საპატიო მოწმობას, დღემდე არ არის აღიარებული ფიცის ერთგული გვარდიელების სტატუსი: არ არსებობს თბილისის და სამეგრელოს დაცვისას ბრძოლაში დაღუპულთა არცერთი მემორიალი (სოციალურ გარანტიებზე საუბარიც ზედმეტია);

5. მიმაჩნია, რომ როგორც 1921 წლის 25 თებერვლის შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადება, ასევე შეუძლებელია 1991 წლის 22 დეკემბრის სწორი შეფასების გარეშე თანამედროვე, დამოუკიდებელი, ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

ვნახოთ ქართული ტელევიზიები გაიხსენებენ თუ არა ამ თარიღს, თუ მთავარი თემა და საკბილო კვლავაც მთავრობის და პარლამენტარების „კეთილები“ იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, დაინტერესებული საზოგადოებისთვის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 22 დეკემბერს 14:00 საათზე საინიციატივო ჯგუფი (თინათინ მგვდლიაშვილი, მზია ბაქრაძე, ანა მიქაუტაძე და სხვ) ზემოაღნიშნული მოვლენებისადმი მიძღვნილ შეკრებას ატარებს. დასწრება თავისუფალია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს