WEG - საქართველოს ენერგეტიკაში მონაცემების გამჭვირვალობის პრობლემაა

არსებობს ინფორმაციისა და მონაცემების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული არაერთი ხარვეზი, რაც ხელს უშლის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით და ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, - ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ კვლევაშია აღნიშნული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, ენერგეტიკის სექტორში გამჭვირვალობის ნაკლებობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების, და მათ შორის საქართველოს, მნიშვნელოვანი პრობლემაა, სადაც მრავლადაა სხვადასხვა საბაბით და მოტივით დახურული ინფორმაცია.

„ასეთი მაგალითებია 2017 წელს რუსულ კომპანია „გაზპრომ ექპორტთან“ გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით შეცვლილი პირობებით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელმაც საზოგადოების ხანგრძლივი პროტესტი გამოიწვია და, მიუხედავად პროცესების გამჭვირვალობის და მოქალაქეებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების არაერთი მოთხოვნისა, არ გასაჯაროვდა. დახურულია გაზის სექტორში “სოკართან” გაფორმებული ხელშეკრულებები, ასევე - ზოგიერთ ახალი ჰიდროსადგურის დეველოპერებთან დადებული მემორანდუმის პირბები, გაუმჭვირვალეა პირდაპირი თუ ჯვარედინი სუბსიდირების სქემები და ა.შ.

საქართველოში ინფორმაციის დახურვის საბაბად ხშირად გამოიყენება კონფიდენციალურობისა და კომერციული საიდუმლოების მოტივები, თუმცა კონკურენტული ბაზრების არასებობის პირობებში, დღეს არსებული პრაქტიკა შესაძლოა უფრო მეტად ემსახურებოდეს არსებული მონოპოლისტების გავლენების გაძლიერებას, ვიდრე ბაზრის მოთამაშეებისთვის თანაბარი პირობების შექმნას და მათი კომერციული საიდუმლოების დაცვას კონკურენტებისგან“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათივე კვლევის თანახმად, ასევე არის სუბსიდირების სქემების გამჭვირვალობის პრობლემაც.

კერძოდ, საქართველოში ენერგეტიკის სექტორში არსებული სუბსიდიების სქემებზე არ არის წარმოდგენილი ანგარიშები გაცემული სუბსიდიების ან მათ ეფექტიანობის შესახებ. მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის და WEG-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ენერგეტიკის სექტორში, 2014 წლის მონაცემებით, დაახლოებით 500 მილიონ ლარზე მეტი სუბსიდიის არსებობა გამოავლინა. ენერგეტიკის სფეროში მთლიანი დაანგარიშებული სუბსიდიები შეადგენს ბიუჯეტის ხარჯვის დაახლოებით 6%-ს, რაც ძალიან მაღალი ციფრია.

რაც შეეხება ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული პოლიტიკების ღიაობას, ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში ინვესტორთა წახალისებისათვის მიღებული პრაქტიკაა ჰიდროსადგურების მშენებლობის მიზნით სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის მემორანდუმების გაფორმება.

მემორანდუმების მიხედვით, ჰიდროსადგურების დეველოპერებს სამინისტროსთან მოლაპარაკების საფუძველზე უდგინდებათ გარანტირებული შესყიდვის ვადები და შესაბამისი ტარიფი, თუმცა არ არის მკაფიოდ განმარტებული ტარიფის და გარანტირებული შესყიდვის ვადების დადგენის პრინციპები. ასეთი პროცედურა არაკონკურენტული და არაგამჭვირვალეა, რითაც მანიპულირების საშუალებას იძლევა.

ღია და გამჭვირვალე გადართვის წესების არსებობის კუთხით, ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, თუმცა კონკურენტული ბაზრის არარსებობის გამო, რელურად, მომხმარებლებს არ აქვთ მომწოდებლის არჩევის შესაძლებლობა.

გარდა ამისა, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის საკითხზე და აღნიშნავს, რომ საქართველოში ენერგეტიკული ბაზარი არ ემყარება სრული კონკურენციის პრინციპებს, გამანაწილებელი კომპანიები ამავდროულად არიან საბითუმო და საცალო მიმწოდებლები და მომხმარებელს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვს. განსაკუთრებით პრობლემურია გაზის სექტორი, სადაც მხოლოდ ერთი მონოპოლისტი კომპანია არსებობს და ხელშეკრულებების ძირითადი ნაწილი დახურულია.

გარდა ამისა, კომისიის კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეგულირება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) კომპეტენციაა. კომისია კი, თავის საქმიანობას გამჭვირვალედ წარმართავს, თუმცა 2006 წლის და შემდგომი მრავლობით არასისტემური და სუბიექტური საკანონმდებლო ცვლილებებით სექტორის რეგულირების ფუნქციების მნიშვნელოვანი ბერკეტები გადაეცა ენერგეტიკის სამინისტროს; ხოლო სემეკის ფუნქციად განისაზღვრა მხოლოდ ბაზრის მონიტორინგი და არა ბაზრის რეგულირება და მისი წესების დადგენა.

ამასთან, მათივე ცნობით, ასოცირების ხელშეკრულების და ენერგეტიკული გაერთიანების გაწევრიანების ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ენერგეტიკის სექტორში მნიშნელოვან რეფორმებს ითვალისწინებს, რაც ინფორმაციისა და მონაცემების გამჭირვალობის გარეშე ვერ განხორციელდება.

„მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს იქითკენ, რომ ჩამოყალიბდეს და ამოქმედდეს ენერგეტიკულ ბაზრებზე რეალური კონკურენციის მექანიზმები და მოხდეს საბაზრო საქმიანობის მკაცრი გამიჯვნა ბუნებრივად მონოპოლიური საქმიანობისგან. აუცილებელია, ასევე, მოხდეს სექტორის მართვის და რეგულირების უფლებამოსილებათა გადანაწილება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად; აღდგეს სემეკის უფლებამოსილება და ბაზრის რეგულირების გამჭვირვალე პრონციპები. ასევე ჩამოყალიბდეს დარგის მართვის სტრატეგიული პრიორიტეტები, პროცედურები და სახელმძღვანელო პრინციპები. რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს პარლამენტის და არასამთავრობო სექტორის საშუალებით გააკონტროლონ და შეაფასონ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა ენერგეტიკის დარგში“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა