ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრმა სამირ შარიფოვმა ბაქოში გამართული ორმხრივი შეხვედრისას საქართველოსა და აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. მხარეებმა ერთმანეთს მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა მოგების გადასახადის რეფორმის კუთხით, ასევე, დიდი იყო დაინტერესება სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმების, კერძოდ, საბაჟო სერვისების გამარტივების, დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით.

„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები. ჩვენს კოლეგებთან ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს ეკონომიკური რეფორმების შედეგად. განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ამავე დროს, მოვისმინეთ ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც გეგმავენ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები 2018-2019 წლებში. ისინი ძალიან დაინტერესდნენ იმ გამოცდილებით, რომელიც გვაქვს საბაჟო სერვისების მიმართულებით, ასევე იმ რეფორმებით, რომელიც დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების ავტომატური სისტემის შექმნას ეხება. ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ორმხრივად სასარგებლო გახდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა სამირ შარიფოვმა, თავის მხრივ, შეხვედრის გამო კმაყოფილება გამოთქვა.

„ეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი ვიზიტია ამ რანგში. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმ პარტნიორული ურთიერთობებისა, რომელიც დამყარებულია საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, ეს, ასევე ადასტურებს თანამშრომლობის მაღალ დონეს საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობას შორის. ვიზიტის ფარგლებში, განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, გავცვალეთ ხედვები რეგიონში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ასევე, ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა მოხდეს გამოცდილების გაზიარება ორ სამინისტროს შორის. ჩვენთვის საინტერესოა საქართველოს გამოცდილების გაზიარება რეფორმების მიმართულებით. ასევე, ვფიქრობ, რომ ქართული მხარისთვისაც არსებობს საინტერესო სფეროები ამ მიმართულებით. დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, რომელმაც მოგვიწოდა ხელი შევუწყოთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, - განაცხადა აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრმა.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2019
თათული ზაკალაშვილი - „ჰოთსეილი“ კონცეფციას იცვლის