კალათბურთის ფედერაცია მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობა სამართალდამცველი ორგანოების მიმართ ქართული საკალათბურთო სამყაროსთვის მიუღებელი ქმედებების გამოვლენისა და აღმოფხვრისთვის მადლიერებას კიდევ ერთხელ გამოხატავს, - ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა განაცხადა. მან საზოგადოებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრის მოსყიდვის ფაქტზე 5 პირის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის განცხადება გააცნო.

„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ცალსახად გმობს მომხდარ ფაქტს და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან ახლაც და მომავალშიც, რათა დროულად და სრულყოფილად იყოს გამოძიებული აღნიშნული ფაქტი და დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელსაც შეხება ჰქონდა აღნიშნულ დანაშაულთან, რათა თავიდან იყოს აცილებული ყველა ის მცდელობა, რომელიც ჩრდილს აყენებს კალათბურთის სამყაროს. ფედერაციის ინტერესებში ყოველთვის შედიოდა და ახლაც შედის იმგვარი ფაქტების გამოვლენა და აღმოფხვრა, რომლებიც სახელს უტეხს საქართველოს საკალათბურთო სამყაროს. მიმდინარე სეზონის დასაწყისში FIBA-ს რეკომენდაციით ჩამოყვანილიია მსაჯთა ეროვნული ინსტრუქტორი, რომლის ფუნქციაშიც შედის არა მარტო თამაშების ხარისხის მონიტორინგი, არამედ ახალგაზრდა მსაჯთა კონტინგენტის გაზრდა და მათი შემდგომი ინტეგრირება საქართველოს და საერთაშორისო ფედერაციების ეგიდით გამართულ მატჩებში. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობა, ფედერაციის წესდებისა და ზოგადად სპორტულ სამყაროში არსებული მორალური და ეთიკური პრინციპებიდან გამომდინარე, არ დაეთანხმება და არ შეეგუება საკალათბურთო სამყაროში არაეთიკურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, მით უმეტეს, რომ სპორტის ეს სახეობა ყოველთვის გამოირჩეოდა საერთაშორისო სპორტული სამყაროს მიერ აღიარებული სამართლიანი თამაშის პრინციპების ერთგულებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობა კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას სამართალდამცველი ორგანოების მიმართ ქართული საკალათბურთო სამყაროსთვის მიუღებელი ქმედებების გამოვლენისა და აღმოფხვრისთვის“, - განაცხადა პაატა გურასპაულმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი. კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების- ზაზა მაჩალაძის, ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სხვადასხვა მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირებას. ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. „ჩაწყობილ“ მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი.

2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი დაეუფლნენ მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36000 ლარს.

გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4 დან 6 წლამდე ვადით.

აღსანიშნავია, რომ კალათბურთის დაკავებული მსაჯების - ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატის, იასონ ბესელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს აღიარებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა