კობა გვენეტაძე - მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მიღწეული იყოს ეტაპობრივად

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, 2018-2020 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ინფლაციის ოპტიმალური საშუალოვადიანი მაჩვენებელი 3%-ია.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს მაჩვენებელი მიღწეული იყოს ეტაპობრივად, საშუალოვადიან პერიოდში, რათა ერთდროულად შევინარჩუნოთ სტაბილური ფასებიც და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის გრძელვადიან და მდგრად ზრდას. სწორედ ამისათვისაა საჭირო ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი - მონეტარული პოლიტიკის ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მეთოდი.

გვენეტაძის განმარტებით, როდესაც ვამბობთ ინფლაციის თარგეთი არის 3 პროცენტი „ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას ნულიდან სამ პროცენტამდე, არამედ ინფლაციას 3 პროცენტთან ახლოს საშუალოვადიან პერიოდში.“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, გასათვალისწინებელია, რომ „ინფლაციის თარგე¬თირებისას, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი წარმოადგენს საშუალოვადიან ინდიკატორს. შესაბამისად, საქართველოსთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3 პროცენტი საშუალოვადიან პერიოდში; დაწყებული 2018 წლიდან. „როდესაც ვამბობთ, რომ ინფლაციის თარგეთი არის 3 პროცენტი, ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას ნულიდან სამ პროცენტამდე, არამედ ვგულისხმობთ ინფლაციას 3 პროცენტთან ახლოს საშუალოვადიან პერიოდში. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია თითქმის ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან; ის ზოგჯერ იქნება მიზნობრივზე უფრო მაღალი, ზოგჯერ კი – მიზნობრივზე უფრო დაბალი. თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის იმოძრავებს სამიზნე მაჩვენებლის მიმართულებით და, ამდენად, საშუალოვადიან პერიოდში იქნება მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძემ განმარტა, რომ მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედება ეკონომიკაზე დროითი ლაგით, ანუ გარკვეული დაყოვნებით აისახება, რაც, განვითარებულ ქვეყნებში არის 2-3 წელი, ხოლო საქართველოს მსგავს ქვეყნებში, 1-1.5 წელი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ინფლაციის არსებულ დინამიკასა და პროგნოზებზე. მან აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში მოსალოდნელი იყო ინფლაცია ყოფილიყო უფრო მაღალი, ვიდრე მიზნობრივი მაჩვენებელი, მაგრამ ეს გამოწვეული იყო ერთჯერადი ფაქტორებით და ამიტომ, საშუალოვადიან პერიოდზე გათვლით, ამ ფაქტორის გამო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არასწორი ნაბიჯი იქნებოდა.

„წლიურმა ინფლაციამ ნოემბერში 6.9 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე წელს ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიზნობრივ დონეზე მაღლა ნარჩუნდება, თუმცა, ინფლაციის აღნიშნული დონე ეროვნული ბანკის მიერ უკვე პროგნოზირებულ რიცხვებს შეესაბამება და მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალ ინფლაციას ეგზოგენური ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, სამომხმარებლო ფასების ინფლაციის დროებითი ზრდის მიზეზებია - აქციზის გადასახადების მატება და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდა. აღნიშნული ფაქტორების გავლენა ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე 2017 წლის ბოლომდე შენარჩუნდება. არსებული პროგნოზით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 2018 წლის დასაწყისიდან, მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი რეაგირების შედეგად, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს წლის მეორე ნახევარში მიაღწევს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა