ანდრია გვიდიანი - არასწორია, რომ საბავშვო ბაღების დაფინანსების ვალდებულება მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტს აქვს

არასწორია, რომ საბავშვო ბაღების დაფინანსების ვალდებულება მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტს აქვს, - ასე შეაფასა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ ოჯახებმა, რომელთაც ბაღის გადასახადის გადახდის საშუალება აქვთ, ეს თანხა გადაიხადონ.

„პრემიერის განცხადება, რომ საბავშვო ბაღები უფასო მხოლოდ მიზნობრივი აუდიტორიისთვის უნდა დარჩეს, რასაკვირველია, მისასალმებელია. ჩვენ ვართ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანა და ჩვენი სიმდიდრე მოქალაქეებზე ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გადავანაწილოთ. როდესაც ეკონომიკის ინკლუზიურ განვითარებაზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს იგულისხმება, რომ ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა პირველ ეტაპზე უკიდურესად შეჭირვებული მოქალაქეებისთვის მოხდეს, შემდეგ კი ეს წრე უფრო გაფართოვდება. ბაღების შენახვაზე გათვალისწინებული თანხები 2012 წლის შემდეგ 4-ჯერ არის გაზრდილი და დღეს 110 მილიონი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, პრინციპულად მიუღებელია სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის გადასახადებით იმ მოქალაქეთა ხარჯების დაფარვა, რომელთაც საკმაოდ აქვთ შემოსავალი და თავად შეუძლიათ გადასახადის გადახდა. სწორედ ამიტომ ცალსახად ვიზიარებ პრემიერის დამოკიდებულებას არა მხოლოდ ბაღების საკითხის, არამედ ყველა სხვა საკითხში, რომელიც მიზნობრივ ჯგუფებზე სოციალური დახმარებების მიმართვას ეხება,“ - აღნიშნა გვიდიანმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ გარკვეული ტიპის ოჯახებმა, რომელთაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ბაღის გადასახადი უნდა გადაიხადონ.

„მე თანხის დაზოგვაზე არ ვსაუბრობ - ვსაუბრობ გაჭირვებული ადამიანების ან საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ბაღის გადასახადს ვერ იხდიან, მათი უზრუნველყოფა გახდეს უფრო მაღალხარისხიანი, მათი დახმარება უფრო მასშტაბური, მაგრამ შედარებით შეძლებულ ადამინებს მოუწიოთ გადასახადის გადახდა. ეს უფრო სამართლიანიც იქნება და გააუმჯობესებს იმ ადამიანებისთვის მიღებულ სერვისებს, რომლებიც გაცილებით უფრო მეტად საჭიროებენ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, საბავშვო ბაგა-ბაღები რამდენიმე წლის წინ ფასიანი იყო, თუმცა 2012 წელს იმდროინდელი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის ინიციატივით პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომლითაც ბაგა-ბაღებში სწავლა უფასო გახდა.