ქართული პრესის მიმოხილვა 23.12.2017

"ბილდი" - რუსები 2008 წელს ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებდნენ

წელს კონტრაბანდის მასშტაბები 18-ჯერ გაიზარდა!

რამდენად დამაჯერებელია მერის მტკიცება, რომ თბილისში საახალწლო განათებებს გარკვეული პირები მიზანმიმართულად აზიანებენ?

* * *

"ბილდი" - რუსები 2008 წელს ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებდნენ

"წელს რუსეთში გამართული მასშტაბური სამხედრო წვრთნების - "ზაპად-2017"-ის სცენარი სულაც არ გულისხმობდა ტერორიზმთან ბრძოლას, როგორც ეს რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა გამოცხადებული. სინამდვილეში რუსებმა დასავლეთ ევროპაში სამიზნეების დაბომბვის, ბალტიის ქვეყნების აეროპორტებისა და ნავსადგურების ხელში ჩაგდების და, ასევე, ნეიტრალურ შვედეთსა და ფინეთზე თავდასხმის სიმულირება მოახდინეს. ამ ინფორმაციას გერმანული "ბილდი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და ერთი საინტერესო ინფორმაციაც მოჰყავს - გაზეთის წყაროს ცნობით, თუკი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში აშშ ღიად ჩაერეოდა, რუსებს ბალტიის ქყვეყნებზე თავდასხმა ჰქონდათ გადაწყვეტილი, ხოლო თუკი ამერიკელები ბალტიის ქვეყნებსაც გაუწევდნენ დახმარებას, მაშინ უკვე ბირთვული იარაღის გამოყენებასაც ფიქრობდნენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გერმანული მედია: რუსები 2008 წელს ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებდნენ / ას გულისხმობდა რეალურად "ზაპად-2017"-ის სცენარი და რა გეგმები ჰქონდათ რუსებს 2008-ში, თუკი აშშ აგვისტოს ომში ღიად ჩაერთვებოდა.

"უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ფაქტია, რომ დიდი ხანია, ცივი ომის ფაზაში ვართ და, აქიდან გამომდინარე, რუსეთის მთავარი მტერიც და სამიზნეც დასავლეთის ქვეყნებია. ის ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დროს მიმდინარეობდა სწორედ ამგვარი წვრთნები, სამხედრო დოქტრინაც ანალოგიური ჰქონდათ და საბჭოთა სამხედრო სტრატეგიული გეგმის ნაწილი იყო დასავლეთ ევროპის დაკავება, ნატო-ს ძალებისთვის დასწრება, რომ დაეკავებინათ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები, ასევე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შეჭრა. "ფაქტობრივად, რუსეთის ახლანდელი ხელმძღვანელობა "კოპი პეისტის" მეშვეობით იმეორებს საბჭოთა პოლიტიკური ხელმძღვანელობის სამხედრო-სტრატეგიულ გეგმას. ახალი ცივი ომია და ახალი ელემენტებიც შემოვიდა, რაც ადრე არ იყო. ესაა ჰიბრიდული ომი. რუსეთმა ჰიბრიდული ომის ელემენტები უკვე გამოიყენა ყირიმის ანექსიისას, ჰიბრიდული ომი იყო ამერიკის წინააღმდეგაც. საქართველოს წინააღმდეგ მან აწარმოა ასიმეტრიული ომი, როდესაც სამხედრო აგრესია განახორციელა და ასიმეტრიული ომის ფარგლებში იყო სამხედრო კამპანია სირიასა და ერაყში," - ამბობს მაისაია. მისი თქმით, რუსეთისთვის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წინაა დაყენებული ნატო-ს ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლა და ამიტომაცაა სავარაუდო სცენარებში ნატო-ს ქვეყნების წინააღმდეგ ოპერაციები", - აღნიშნავს გამოცემა.

"ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით რუსეთმა თავისი თანამედროვე შეიარაღების გამოცდა მოახდინა, სირია გამოიყენა პოლიგონად და ახალი ტიპის გეოსტრატეგიული და კონცეპტუალური სტრატეგიის შემუშავება მოახერხა. ის დროქტრინა, რომლითაც რუსეთი ბალტიისპირეთში შეღწევას გეგმავს, მაკაროვის, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, სახელობისაა", - განმარტავს მაისაია. გერმანული გამოცემა "ბილდის" მიმომხილველი წერს, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების - "დასავლეთ 2017"-ის ფარგლებში რუსეთი რეპეტიციობდა არა "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას", არამედ "ნატო-ს წინააღმდეგ ომს" და მათ ეს ინფორმაცია "დასავლეთის სადაზვერვო მონაცემებზე" დაყრდნობით აქვთ. გამოცემა წერს, რომ სწავლების სცენარი ეფუძნებოდა "ბალტიის ქვეყნების და ბელარუსის ოკუპაციას რამდენიმე დღეში". ასევე, სწავლება ეხებოდა "შოკურ კამპანიას" ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ, მათ შორის იყო გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, ნორვეგია, ასევე, ნეიტრალური შვედეთი და ფინეთი. "ბილდის" წყაროს მტკიცებით, რუსეთი ვარჯიშობდა "ბალტიის ქვეყნების აეროპორტებისა და პორტების განეიტრალებასა და მათზე კონტროლის დამყარებაზე", - განაგრძობს გამოცემა.

""იმ შემთხვევაში, თუ ომი რეალურად იქნება, მათი მიზანი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გახდება, მათ შორის აეროპორტები, ნავსადგურები, სადგურები და სხვა ინფრასტრუქტურა, რათა ამ ქვეყნებში შოკი გამოიწვიოს და ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლებისგან ზავი ითხოვოს", - აგრძელებს მიმომხილველი. გამოცემის ცნობით, ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს წყაროების ინფორმაციით, სწავლების ფარგლებში რუსეთმა სექტემბერში დატესტა "ქალაქ შპიცბერგენის დაბომბვა და ხელში ჩაგდება". როგორც სტატიის ავტორი წერს, სწავლების ფარგლებში რეპეტიციაგავლილი სცენარები, შესაძლოა, "ფერადი რევოლუციების" გამომწვევი გახდეს, მაგალითად, ბელარუსში ან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. "ცნობილია, რომ 2008 წელს მოსკოვს ჰქონდა ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმის გეგმა, თუ აშშ ჩაერთვებოდა და დაიცავდა საქართველოს რუსეთის შეჭრისგან", - ამბობს "ბილდის" ერთ-ერთი წყარო და დასძენს, რომ თუ დასავლეთი შეეცდებოდა რუსეთის მიერ მიტაცებული ბალტიისპირეთის ტერიტორიის უკან დაბრუნებას, გამორიცხული ისიც არ იყო, რომ შემდეგი ნაბიჯი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება ყოფილიყო!" - დასძენს გამოცემა.

"ვახტანგ მაისაიას თქმით, ზოგიერთი რუსი ანალიტიკოსის შეფასებით, მოსკოვი ამ წვრთნებით სტრატეგიულ თავდაცვას მიმართავს, რათა ნატო-ს თავდასხმა, დამცირება-დაკნინება აიცილოს და ამიტომაც აქტიურობს ყველა მიმართულებით, როგორც სამხედრო წვრთნების კუთხით, ისე ამერიკელებთან კიბერ ომის გაჩაღებით. "დღეს ჩატარდა რუსეთის სამხედრო კოლეგიის სხდომა, სადაც ითქვა, რომ თითქოსდა პოლონეთსა და ბალტიის სახელმწიფოებში მიმდინარეობს ამერიკული მცირე და საშუალო სიშორის დამრტყმელი ბირთვული შეიარაღების განთავსება და ამ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ 1987 წლის შეთანხმება შეიძლება საერთოდ გაუქმდეს კიდეც. ამან კი, შესაძლოა, ახალ ტალღაზე გადაიყვანოს ამერიკა-რუსეთის დაპირისპირება. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ რუსეთსა და აშშ-ის შორის ახალი ცივი ომი მიმდინარეობს, რაც რეალობაა," - ამბობს მაისაია. კითხვაზე, რუსეთის მხრიდან წვრთნებით მუქარას რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს, ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთი ჰიბრიდული ომის ელემენტებს გამოიყენებს და, ასევე, შეეცდება, ევროპის შიგნით ქვეყნის ხელისუფლებები ერთმანეთს გადაჰკიდოს", - წერს სტატიის ავტორი.

"სავარაუდოდ, რუსები უკრაინაში ყველანაირად შეეცდებიან, როგორმე ის ხელისუფლება მოიყვანონ, რომელიც მათთვის სასურველი იქნება. არა ისეთი, როგორიც იანუკოვიჩი იყო, არამედ მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ნეიტრალიტეტის პოლიტიკას გამოაცხადებს და რუსეთთან ნორმალურ ურთიერთობას დაამყარებს. ამით რუსეთი მიზანს მიღწეულად მიიჩნევს. დღეს არ არის უმთავრესი, რომ მაინცდამაინც ჯარით შეიჭრას სადმე. წვრთნები დაშინების პოლიტიკის ნაწილი, კუნთების დემონსტრირებაა. გამორიცხული არ არის, რომ მოსკოვმა ბალტიის სახელმწიფოებშიც გამოიყენოს ჰიბრიდული ომის ელემენტები და ამ კუთხით მოახდინოს ზეგავლენა ამ ქვეყნების პოლიტიკურ ხელმძღვანელებზე, დაპირისპირება ჩამოაგდონ ევროპული ერთიანობის შიგნით. ესეც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საკმაოდ საინტერესო ნაწილია, რომ გადმოიბირო შენი მოწინააღმდეგის მოწინააღმდეგეები და აიძულო აგრესიული ქმედებები სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ. ასეთი ტენდენცია არის, მაგალითად, უკრაინის წინააღმდეგ უნგრეთის განცხადებები, რაც საეჭვოდ დაემთხვა პუტინის უნგრეთში ჩასვლას. ასევე, ეცდებიან, გერმანიასა და ბრიტანეთში მათთვის სასურველი ძალები მოიყვანონ ხელისუფლებაში. ამერიკის არჩევნებისას განხორციელებული ჰიბრიდული შეტევა ამის კლასიკური მაგალითია", - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

წელს კონტრაბანდის მასშტაბები 18-ჯერ გაიზარდა!

"წელს საქართველოში კონტრაბანდის უპრეცედენტო ზრდაა, როგორიც ადრე არ ყოფილა. ფაქტობრივად, ყოველ მეორე დღეს მჟღავნდება თამბაქოსა და ძვირფასი ლითონების კონტრაბანდის ფაქტები. მარტო თამბაქოს შემთხვევაში 2017 წელს აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერ გაიზარდა. სპეციალისტების ინფორმაციით, წლის განმავლობაში ბიუჯეტმა სიგარეტის კონტრაბანდის გამო რამდენიმე ათეული მლნ ლარით იზარალა. უკვე აღმოჩენილია ნახევარი მილიონი კოლოფი უაქციზო სიგარეტი. სავარაუდოდ, უფრო მეტი ქვეყანაში არალეგალურად შემოვიდა და გასაღდა კიდეც", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით წელს კონტრაბანდის მასშტაბები 18-ჯერ გაიზარდა / "დარწმუნებული ვარ, რომ უაქციზო საქონლის შემოტანის მცდელობა მომავალშიც ბევრი იქნება".

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2017 წელს, შარშანდელთან შედარებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა. თუ 2016 წელს თამბაქოს კონტრაბანდაზე სისხლის სამართლის 16 საქმე აღიძრა, 2017 წლის განვლილ პერიოდში უკვე 48 საქმეა აღძრული. ამავე მონაცემებით, 2016 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 23 პირის მიმართ, 2017 წელს კი - 60 პირის მიმართ. რაც შეეხება საზღვარზე ამოღებული თამბაქოს რაოდენობას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს 28 357 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს, 2017 წლის განვლილ პერიოდში კი - 494 320 კოლოფი. დაახლოებით 200 000-ზე მეტი კოლოფი სიგარეტის ამოღება საბაჟო წესების დარღვევით მისი საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის მცდელობისას მოხდა. აქედან გამომდინარე, მარტო გამოვლენილი შემთხვევებით თუ ვიმსჯელებთ, კონტრაბანდის მასშტაბები 18-ჯერ გაიზარდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ აქციზის მატება ბაზარზე კონტრაბანდული სიგარეტის წილს გაზრდიდა. ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ლაშა გოცირიძე განმარტავს, რომ 2017 წელს ქვეყანაში თამბაქოს კონტრაბანდით ბიზნესიც დაზარალდა და სახელმწიფო ბიუჯეტიც. ამის მიზეზად ის საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის თამბაქოს ფასებზე მნიშვნელოვან სხვაობას ასახელებს, მაგალითად კი სომხეთი მოჰყავს და აცხადებს, რომ ამ ორ ქვეყანაში თამბაქოს ფასსა და აქციზის გადასახადს შორის სხვაობა თითქმის 1.10 ლარია - "მეზობელ ქვეყნებში თამბაქოს აქციზზე გადასახადის განაკვეთი არის ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოში. შესაბამისად, ფასთა შორის სხვაობაც დიდია. როდესაც ერთგან პროდუქცია უფრო იაფი ღირს, ვიდრე სხვაგან (მით უმეტეს, თუ საზღვრის კონტროლი შედარებით გართულებულია), მეწარმეები ცდილობენ, სადაც უფრო იაფი ღირს, იქიდან გადაიტანონ იქ, სადაც უფრო ძვირი ღირს და გაყიდონ", - განმარტავს ლაშა გოცირიძე, რომლის თქმით, "ბუნებრივია, ბევრს უჩნდება მოტივაცია, რომ პროდუქცია კონტრაბანდული გზით შემოიტანოს და საკმაოდ დიდი მოგება მიიღოს", - დასძენს გამოცემა.

"ამის წინასწარ დანახვა საკმაოდ ადვილი იყო, მთავრობასაც შეეძლო, ევარაუდა მოსალოდნელი საფრთხე და ასე ძალიან არ გაეძვირებინა აქციზის გადასახადი, როგორც 2017 წლის 1-ლი იანვრიდან მოხდა. თუკი რაიმე პოზიტიური შეიძლება ითქვას, ისაა, რომ 2018 წლიდან აღარ ზრდიან აქციზს, მაგრამ თავის დროზე დიდი შეცდომა დაუშვეს. ცხადია, რომ ყველაზე მეტად ზარალი მიადგა ბიუჯეტს და სახელმწიფოს, რომელმაც ვერ მიიღო მილიონობით ლარი. ზუსტი ოდენობა კონტრაბანდის მასშტაბისა უცნობია, რადგან ძალიან ბევრი გამოუვლენელი შემთხვევაა. მხოლოდ აღმოჩენილი ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, ბიუჯეტს სიგარეტის კონტრაბანდის შედეგად რამდენიმე ათეული მლნ ლარი დააკლდა. ამდენად, კონტრაბანდით, ერთი მხრივ, ბიზნესი დაზარალდა, ხოლო მეორე მხრივ, ბიუჯეტი, რადგან დაგეგმილი ხარჯის გაწევა გართულდა. თამბაქოს კონტრაბანდული გზით შემოტანის ფაქტები 2016 წელსაც იყო, თუმცა იმდენად უმნიშვნელოდ, რომ ვერანაირ მატერიალურ გავლენას ბიზნესზე ვერ ახდენდა, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა გოცირიძე.

კონტრაბანდის მასშტაბის ზრდაზე საუბრობს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარიც, რომლის შეფასებითაც, ხელისუფლებამ აქციზის გაძვირებისას მოსალოდნელი რისკი სწორად ვერ გათვალა - "ხელისუფლებას ჯერ კიდევ შარშან ვაფრთხილებდით, როდესაც ცნობილი გახდა, თუ რა მასშტაბით იზრდებოდა აქციზის განაკვეთი. შეუძლებელია, კონტრაბანდის რისკი არ წარმოიშვას მაშინ, როდესაც მოსაზღვრე ქვეყნებში სიგარეტი იაფია და დაახლოებით 1-ლარიანი სხვაობით იყიდება. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ფაქტები კიდევ იქნება, რამდენად გაუმკლავდებიან ამ გამოწვევას შესაბამისი უწყებები, სხვა საკითხია. ალბათ ხელისუფლებაც ელოდა მოჭარბებულ რისკს, რამდენადაც ამტკიცებდნენ, რომ სრულიად მზად იყვნენ ამისთვის", - ამბობს ბაირახტარი, რომლის თქმით, "თუმცა რამდენად მოელოდნენ ასეთ მასშტაბებს, ეს კიდევ სხვა საკითხია", - წერს სტატიის ავტორი.

რამდენად დამაჯერებელია მერის მტკიცება, რომ თბილისში საახალწლო განათებებს გარკვეული პირები მიზანმიმართულად აზიანებენ?

"თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქში გახშირებულ ვანდალიზმის ფაქტებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კონკრეტული ადამიანები მიზანმიმართულად აზიანებენ კონკრეტულ სკვერებსა და საახალწლო განათებებს. "ძალიან ცუდია ის ფაქტები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში გამოვლინდა. მიზანმიმართულად ხდება კონკრეტული სკვერების, თუნდაც საახალწლო განათებების დაზიანება. ძალიან სამწუხაროა. მინდა, მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ, რადგან ეს ქალაქი არის თითოეული ჩვენგანის. როგორც საკუთარი ოჯახი, საკუთარი სახლი, ისე უნდა მივუდგეთ და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არც ერთი ჩვენგანი არ მიდის სახლში და არ ამტვრევს რაღაცებს. ასე უნდა მოვექცეთ ამ ქალაქსაც. როდესაც რაღაც კეთდება, რაღაცას რეაბილიტაცია უტარდება, გულდასაწყვეტია, რომ მეორე, მესამე დღეს მიდიან კონკრეტული ადამიანები, არ ვიცი, ვინ არიან ეს ადამიანები და მიზანმიმართულად ხდება დაზიანება. ეს მიუღებელია. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება გვერდით დაგვიდგება იმაში, რომ ვაწარმოოთ კამპანია, რათა ქალაქს ყველამ მოვუაროთ", - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საახალწლო დეკორაცია დააზიანეს. დაზიანებული დეკორაცია "თბილსერვისის" თანამშრომლებმა გეგმური შემოვლისას აღმოაჩინეს", მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - რამდენად დამაჯერებელია მერის მტკიცება, რომ თბილისში საახალწლო განათებებს გარკვეული პირები მიზანმიმართულად აზიანებენ?

"თუ ქალაქის მერს კონკრეტული მტკიცებულება აქვს, უნდა თქვას. სხვა შემთხვევაში, ვარაუდის დონეზე ასეთი განცხადება მასაც დააზიანებს და საზოგადოებასაც", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.

"არ ვიცი, ვერ გეტყვით, მიზანმიმართულად ხდება თუ არა, მაგრამ რაც ხდება, სამარცხვინოა. დეკორაციების დამახინჯება ყოველთვის ხდებოდა, დიდად ახალი არაა, თუმცა თუ არის ეჭვი, რომ ამას ვიღაც მიზანმიმართულად აკეთებს, ვინც უნდა იყოს, ჩვეულებრივი ვანდალიზმია. თუ ეს პარტიული კუთხით კეთდება, კიდევ უფრო კატასტროფაა, თუმცა ვერ დავდებ თავს, რომ მიზანმიმართულია", - ამბობს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.

"ახალი დადგმული საქანელა თავისით რომ არ ტყდება და დეკორაცია თვისით არ ფუჭდება, ამაზე, მგონი, ყველა ვთანხმდებით. რა თქმა უნდა, ვიღაცის გაკეთებულია. კონკრეტული ადამიანების თაობაზე ვერაფერს გეტყვით, არ მყავს არანაირი სამიზნე, მაგრამ ვიღაცებს რომ ეს არ მოსწონთ და მიზანმიმართულად აკეთებენ, ყველამ ვიცით", - თვლის მომღერალი ირმა სოხაძე.

"ახალგაზრდობის სენია, რასაც არამოტივირებული ვანდალიზმი ჰქვია. ახალგაზრდები სპორტზე არ დადიან და ენერგიას ვერსად ხარჯავენ, ეს მიმართულება მისახედია. ბატონი მერი სპორტსმენია და უნდა ესმოდეს, რომ ახალგაზრდულ ენერგიას დაცლა უნდა" - დასძენს არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო