ლევან ბოძაშვილი - ჩვენმა დიპლომატიამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, როცა იერუსალიმის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის შეფასებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

როგორც ბოძაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ქართულმა დიპლომატიამ დაიკავა „ერთადერთი სწორი პოზიცია“.

რაც შეეხება იმას, რამდენად მოსალოდნელია ქართული მხარის აღნიშნული პოზიცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაზე აისახოს, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის აზრით, ეს ნაკლებად მოსალოდნელია.

„საქართველოს საგარეო უწყებამ და ჩვენმა დიპლომატიამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დაიკავა ერთადერთი სწორი პოზიცია, რაც შესაძლებელი იყო და არ მიიღო სხდომაში მონაწილეობა. თქვენ იცით, რომ შესაძლებელი იყო სხდომაზე დასწრება და პოზიციის დაფიქსირებისგან თავშეკავება, მაგრამ ეს თავშეკავებაც იქნებოდა გარკვეული პოზიცია. გასათვალისწინებელია ის დაძაბული ფონიც, როცა ძალიან დიდი გამყოფი ხაზები არსებობს უამრავ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ექვსმა ქვეყანამაც არ დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას (თუმცა არც შეეწინააღმდეგა). ამ სიტუაციაში ერთადერთი სწორი პოზიცია იყო ის, რომ ჩვენმა დელეგაციამ არ მიიღო სხდომის მუშაობაში მონაწილეობა,“ - განაცხადა ბოძაშვილმა.

ამასთან, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთგვარ მუქარასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დაფინანსებას შეუწყვეტს ყველა ქვეყანას, რომელიც იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს. ლევან ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ ეს მოსალოდნელი არ არის, რადგან ამ შემთხვევაში აშშ დაკარგავს გლობალური ლიდერის როლს.

„ბევრმა ექსპერტმა შეაფასა, რომ ეს განცხადება იყო ერთგვარი შანტაჟი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება ამერიკის პოზიცია მომდევნო პერიოდში. ის დაფინანსება, რომელსაც ამერიკის მთავრობა უწევს უამრავ ქვეყანას, განპირობებულია არა მხოლოდ იმით, რომ განვითარების ტემპი დაჩქარდეს, მათ შორის მოხდეს სიღარიბის დაძლევა, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ., არამედ იმითაც, რომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის ამერიკის, როგორც გლობალური ლიდერის და მისი საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და ასეთი დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში, მისი საგარეო პოლიტიკა დაკარგავს როგორც ლიდერის როლს, ასევე ძალიან დიდ მექანიზმს სხვადასხვა ქვეყნებზე ზემოქმედებისა,“ - აღნიშნა ლევან ბოძაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს