ოთარ დანელია - რეფორმები, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა, ძალოვანი სტრუქტურების გასაჯანსაღებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, შს მინისტრის რეფორმატულ და აქტიურ მიდგომებს მიესალმება.

როგორც ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას არანაირ გადაცდომას ადგილი არ ექნება და თუ ექნება, შესაბამისი რეაგირება მოყვება.

"მინისტრისგან ძალიან აქტიური პროგრამა მოვისმინეთ და ეს პროცესიც ამ პროგრამის ნაწილია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ის პრევენციული ღონისძიებებია, რასაც დიდი დატვირთვა აქვს. ამ პროცესს მივესალმებით, რადგან ძალიან პოზიტიური მოვლენაა. რეფორმები, რომელზეც მინისტრმა ისაუბრა, ჩვენი ძალოვანი სრუქტურების გასაჯანსაღებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პრევენციული ღონისძიებები ნიშნავს, თავი მაქსიმალურად დავიზღვიოთ. დარწმუნებული ვარ, ადგილი არანაირ გადაცდომას არ ექნება და თუ ექნება, შესაბამისი რეაგირება იქნება", - განაცხადა დანელიამ.