ადვოკატი - დაკავებული მსაჯის, ზაზა მაჩალაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, ფიზიკურადაც ძალიან სუსტადაა, შესაბამისად გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია

ადვოკატის ინფორმაციით, კალათბურთის მსაჯის, ზაზა მაჩალაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, ფიზიკურადაც ძალიან სუსტადაა და შესაბამისადმას გამოძიებისთვის ჩვენება ჯერ არ მიუცია. როგორც გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული მაჩალაძის ადვოკატმა შოთა მანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და გარკვეულ პროვოკაციაზე მიანიშნებს.

„ცალსახად მიგვაჩნია, რომ ზაზა მაჩალაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, არ გამომდინარეობს საქმის რეალური არსიდან. გარემოებები და ვითარება, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში სხვაგვარადაა. სათანადო შესწავლის საფუძველზე დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერს დეტალურად ავხსნით, გავაანალიზებთ და ის მოცემულობა, რაც სინამდვილეში და რეალობაში არსებობდა, ასახვას პოვებს ჩვენს მიერ დაფიქსირებულ პოზიციაში. მძიმეა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. გადატანილი აქვს ასევე მძიმე ფიზიკური ტრავმა და აქედან გამომდინარე, ფიზიკურადაც ძალიან სუსტადაა და დააფიქსირა, რომ შემდგომში აუცილებლად მისცემს ობიექტურ და ამომწურავ ჩვენებას“, - განაცხადა შოთა მანელიძემ.

ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ ზაზა მაჩალაძეს არ შეეძლო გავლენა მოეხდინა თამაშებზე და შესაბამისად, მისი მხრიდან თამაშის ჩაწყობაში მონაწილეობას ადგილი ვერანაირად ვერ ექნებოდა.

„გარიგების თემატიკა, ცალკე საკითხია და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი მომდინარეობს იქიდან, რამდენად შეეძლო ზაზა მაჩალაძეს, უშუალოდ თამაშის შედეგზე ექონია გავლენა, რომლის მონაწილეები არიან მხოლოდ და მხოლოდ კალათბურთელები“, - დასძინა შოთა მანელიძემ.

გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება მათ კომერციულ მოსყიდვას ედავება. ბრალდებულთაგან 3 დანაშაულს არ აღიარებს, 2 კი წარდგენილ ბრალში სრულად სცნობს თავს დამნაშავედ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს