ირაკლი კობახიძე - პრემიერმა ყველაზე სწორი განცხადება გააკეთა, გავიმეორებ, რომ იყო მძიმე პროვოკაცია და სასურველია, მომავალში მსგავსი არ განმეორდეს

პრემიერმა ყველაზე სწორი განცხადება გააკეთა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო მძიმე პროვოკაცია და სასურველია,რომ მომავალში ასეთი პროვოკაციები არ განმეორდეს, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას შორის მომხდარ ინციდენტს.

„რაც შეეხება ორ დღეს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით, მინდა პირველ რიგში, დადებით კონტექსტში აღვნიშნო ის, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ორი დღე. მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ შედგა ძალიან აქტიური ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია იმისთვის, რომ განვითარდეს დემოკრატიული საპარლამენტო სისტემა. აქედან გამომდინარე, სასურველია, რომ ასეთი ინტერაქცია ხშირად განმეორდეს ჩვენს საპარლამენტო ცხოვრებაში, ჩვენს სახელმიწფოებრივ ცხოვრებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ინციდენტს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბუნებრივია ამ ინციდენტებმა გარკვეული ჩრდილი მიაყენა დადებით პროცესს, რაც ძალიან სამწუხარო იყო.

„იყო გარკვეული პროვოკაციები ჩვენი კოლეგა კონკრეტული პარლამენტარების მხრიდან, რასაც მოჰყვა შესაბამისი ინციდენტები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამან, რა თქმა უნდა, ჩრდილი მიაყენა, მთლიანობაში ძალიან სწორ პროცესს, რასაც ჰქვია აქტიური ინტერაქცია, მათ შორის, მწვავე კრიტიკა არის შემადგენელი ნაწილი ამ პროცესის, ეს არის ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი. იყო ძალიან მნიშვნელოვანი ორი დღე, რომელსაც ჩრდილი მიაყენა ინციდენტმა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, მართებდა თუ არა პრემიერ-მინისტრს უფრო მეტი თავშეკავება, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოებამ სხვადასხვა შეფასება მოისმინა. კობახიძე ფიქრობს, რომ ყველაზე სწორი შეფასება გააკეთა თავად პრემიერმა.

„მან ამომწურავად ისაუბრა ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მე არ ვთვლი, რომ ახლა საჭიროა ამ საკითხის დამატებით გაღრმავება, ყველა კითხვას, ასე ვთქვათ, გაეცა პასუხი“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებამ მოისმინა სხვადასხვა ტიპის მოსაზრება, შეფასებები, „რომელთაგანაც ზოგი შეიძლება მეტად მოგვეწონოს, ზოგი შეიძლება ნაკლებად მოგვეწონოს“.

„მე ახლა არ შევაფასებ ჩემი თანაგუნდელების განცხადებებსა და მოსაზრებებს. ეს არის საერთო სურათი. მთავარია არის ის, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ აგრესია შემცირდეს, როგორც ზოგადად ქართულ პოლიტიკაში, ასევე კონკრეტულად საქართველოს პარლამენტში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრემიერმა ყველაზე სწორი განცხადება გააკეთა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო მძიმე პროვოკაცია და სასურველია, რომ მომავალში ასეთი პროვოკაციები არ განმეორდეს და ყველამ ერთად ჩვენ - უმრავლესობამ, ოპოზიციამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ აგრესიის ხარისხი შემცირდეს მაქსიმალურად ქართულ პოლიტიკაში და მათ შორის კონკრეტულად საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს ჩვენთან პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური პროცესი და სწორედ ამის შედეგია ის, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება საპარლამენტო ცხოვრება და მუშაობა. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან მძიმე საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს. ამ არჩევნების შემდეგ, გახსოვთ თქვენ, რომ მზადდებოდა მოვლენების რევოლუციური განვითარებაც კი. ეს იყო ძალიან მძიმე ვითარება. გვაქვს კონკრეტული შეფასება კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიმართ, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ და მივაღწიეთ ბევრად უფრო მაღალ ხარისხს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის, რაც არის ძალიან კონკრეტული მუშაობის შედეგი. ჩვენ ვცდილობთ თითოუელ პარტიასთან საქართველოს პარლამენტში კონსტრუქციულ თანამშრომლობას, კომუნიკაციას. ვფიქრობ, რომ საერთო ტენდენცია მაინც რჩება დადებითი და მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო ავამაღლებთ პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის ხარისხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს