ირაკლი კობახიძე - უმრავლესობა არის მაქსიმალურად კონსოლიდირებული, რა თქმა უნდა, არის საკითხები, სადაც გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა, მსჯელობა

ბევრად უფრო ძლიერია მმართველი პარტია ყველა თვალსაზრისით, ვიდრე ოპოზიციური პარტიები, რაც არის, რა თქმა უნდა, გამოწვევა ქართული დემოკრატიისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„შეიძლება ძალიან თამამად ითქვას ეს, უმრავლესობა არის მაქსიმალურად კონსოლიდირებული. რა თქმა უნდა, არის საკითხები, სადაც გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა, მსჯელობა. ეს არის ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი და ამით ვამაყობთ ჩვენ სწორედ, რომ პლურალიზმის ხარისხი გაიზარდა ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მსჯელობის შედეგად, ყოველთვის ახერხებს გადაწყვეტილების მიღებას, რასაც გუნდში ყოველთვის დიდი მხარდაჭერა აქვს.

„ყველა საკითხთან დაკავშირებით გვაქვს მსჯელობა, არის აზრთა სხვადასხვაობაც, თუმცა, როგორც ხედავთ, ჩვენ ყოველთვის ვახერხებთ საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებების მიღებას და აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა თითოეულ იმ გადაწყვეტილებას. კონსოლიდაციის ხარისხი არის ძალიან მაღალი. პირიქით, სწორედ ამას გვიყენებენ ხოლმე ხშირად ბრალდებად, რომ ზედმეტად კონსოლიდირებულია მმართველი ძალა, რაც საფრთხეს უქმნის, ასე ვთქვათ, „მცირე პარტიებს“. ბევრად უფრო ძლიერია მმართველი პარტია ყველა თვალსაზრისით, ვიდრე ოპოზიციური პარტიები, რაც არის, რა თქმა უნდა, გამოწვევა ქართული დემოკრატიისათვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.