ზვიად რატიანი - იყვნენ აგრესიულები, ჩამტენეს მანქანაში, მეუბნებიოდნენ - ეს რა ფერია, რა გაცვია ბიჭოო

ყველაზე დაუნდობლად წინასწარი დაკავების იზოლატორში გავილახე, - ამის შესახებ ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულმა ზვიად რატიანმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ბრალდებულმა პოეტმა ზვიად რატიანმა გათავისუფლების შემდეგ პოლიციელების მხრიდან მისი დაკავებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის დეტალები გაიხსენა. რატიანი ყვება, რომ სამართალდამცველებმა მისი დაკავების შემდეგ დიღმის მასივში მთავარ სამმართველოში მიიყვანეს, სადაც იქ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

”თვითონ ამბავი ძნელი მოსაყოლია, რადგანაც ჩემთვის არანაირი ლოგიკა არ დევს ამ ამბავში. როგორც დღეს გავიგე, საპოლიციო კონტროლი ყოფილა და მეც გადამამოწმეს. თუმცა, იყვნენ აგრესიულები, მესაუბრებოდნენ ცუდად, ჩამტენეს მანქანაში. სულელურად კი ჟღერს, მაგრამ ახსენებდნენ ქურთუკს და მეუბნებიოდნენ - ეს რა ფერია, რა გაცვია ბიჭოო. რამდენიმე საათი გაგრძელდა ჩემი მანქანით ტარება აქეთ-იქით. მირტყამდნენ განუწყვეტლივ. წამიყვანეს განყოფილებაში. იქ გააფორმეს, რომ მე თურმე მქონდა დაზიანებები და ქუჩაში ვიყავი ამ დაზიანებებით და ვიგინებოდი. ყველაზე დაუნდობლად აქ გავილახე. სადღაც ათზე მეტი დაზიანება დააფიქსირა ექიმმა”, - აღნიშნა ზვიად რატიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით განმარტავს, რომ წინასწარი მოკვლევით ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა იკვეთება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს აღნიშნულ ფაქტს. პირველადი შესწავლის შედეგად, იკვეთება ორივე მხარის პასუხისმგებლობა. ამავე დროს, წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე უფლებამოსილებას შეუჩერებს ზემოაღნიშნულ პოლიციელს. რაც შეეხება, მოქალაქე ზ.რ.-ს, იგი ამჟამად გათავისუფლებულია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ჩვენი მიზანია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია გადაცდომის თითოეულ ფაქტზე -ასეთის არსებობის შემთხვევაში, სამართლებრივ რეაგირებას მომავალშიც მოახდენს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ”ზვიად რატიანი - ვიყავი ნასვამი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ქურთუკის ფერი არ მოეწონათ”

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს