ირაკლი კობახიძე - საპოლიციო ღონისძიებები პარლამენტის განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იქნება

საპოლიციო ღონისძიებები პარლამენტის განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განხორციელებული რეიდებისა და პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებულ შემთხვევაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

"საპოლიციო ღონისძიებები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება იყოს დაცული. თუმცა, ამასთანავე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანის უფლებები იყოს სათანადოდ დაცული და, შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი პროცესი იქნება პარლამენტის განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ",- განაცხადა კობახიძემ.

როგორც ცნობილია, საპოლიციო კონტროლის შედეგად სამართალდამცველებმა მთლიანობაში 127 პირი დააკავეს. მათ შორის იყო პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც შსს-ს მასზე ფიზიკურ და მორალურ ზეწოლაში ადანაშაულებს. შსს-ში კი აცხადებენ, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს, რითაც არ აძლევდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას. ამჟამად რატიანი გათავისუფლებულია, გამოძიება კი გრძელდება.