გიორგი მარგველაშვილი - დემოკრატიული მმართველობის სისტემის შექმნისას ხელისუფლების ნებისმიერი შტოს არჩევითობა ამოსავალი უნდა იყოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელში გაწევრიანებული უნივერსიტეტების სტუდენტების მონაწილეობით გამართულ რესპუბლიკური ტურნირის ფინალურ შეხვედრას დაესწრო და გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა.

პროექტი "დებატების ახალგაზრდული კლუბები" კონსტიტუციაზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა, რომელიც "საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა" განახორციელა. მასში გაწევრიანებული არიან საქართველოს 4 უნივერსიტეტის სტუდენტები.

საქართველოს პრეზიდენტმა დებატების მონაწილეებს მიმართა და სახელმწიფოს განვითარების საქმეში დებატების, კონსტიტუციისა და დემოკრატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დემოკრატია ეფუძნება დებატების და კამათის კულტურას, განსხვავებული აზრის პატივისცემასა და მიმღებლობას, ამიტომ, როდესაც საუბარია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე, ეს პირდაპირ დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესში მონაწილეთა დებატებისა და ურთიერთობის კულტურაზე, განსხვავებული აზრის უფლების აღიარებაზე, რომლის გარეშეც ვერ ფუნქციონირებს სახელმწიფოებრივი პროცესი.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კონსტიტუციური რეფორმის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ჩვენ ვქმნით დემოკრატიული მმართველობის სისტემას, იდეალურ ვითარებაში, ჩვენ ყოველთვის ნებისმიერი ხელისუფლების შტოს არჩევითობა უნდა იყოს ჩვენთვის ამოსავალი.

"არც ერთი ადამიანი, ვინც გააუქმა საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესი, არ ამბობს, რომ მოსახლეობის 90%-ზე მეტს უნდა, რომ თვითონ აირჩიოს პრეზიდენტი, ანუ არ უარყოფენ ამ ფაქტს, რომ ისინი ახალი კონსტიტუციის რედაქციის შექმნისას პირდაპირ მიდიან მოსახლეობის შეხედულებების, ქართული საზოგადოების შეხედულების საწინააღმდეგოდ. თუმცა, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ - ამ შეხედულების გარდა, დემოკრატია არის ხალხის მმართველობა. ერთი არის კონსტიტუციონალიზმი და მეორე კონსტიტუციონალიზმის სულისკვეთება.

როცა ამ სულისკვეთებაზე გვაქვს საუბარი, ხაზი მინდა გავუსვა დემოკრატიის ტერმინს, ანუ ტერმინს ხალხის მმართველობა. თუ ჩვენ ვქმნით დემოკრატიული მმართველობის სისტემას, იდეალურ ვითარებაში, ყოველთვის, ნებისმიერი ხელისუფლების შტოს არჩევითობა უნდა იყოს ჩვენთვის ამოსავალი.

ყველას არჩევითობა უნდა იყოს ამოსავალი: სხვადასხვა კომპეტენციის დონეზე, იქნება ეს რაიონი, ქალაქი თუ მუნიციპალიტეტი, იქნება ეს პრეზიდენტი, თუ სხვა თანამდებობის პირები.

ეს უნდა იყოს სულისკვეთება, იმიტომ რომ შინაარსი დემოკრატიისა მდგომარეობს იმაში, რომ ხალხი წყვეტს. და მეტიც, როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ხალხის წინაშე გავიტანოთ პრობლემა და საზოგადოებას მივცეთ ის გადასაწყვეტად, ყოველთვის ჩვენ დემოკრატიის იდეალისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, იმ იდეალისკენ, სადაც ხალხის ნება ხორციელდება მმართველობის ფორმით.

თანამედროვეობაში არსებობენ პოლიტიკური ფილოსოფოსები, რომლებიც ამბობენ, რომ დიდ სახელმწიფოებში ფაქტიურად დემოკრატიის პრინციპები თავიდანვე შესუსტებულია, იმიტომ, რომ რეალური დემოკრატია, მათი აზრით, შესაძლებელია მხოლოდ პატარა ქალაქ-სახელმწიფოებში, იქ, სადაც საბერძნეთში დაიწყო დემოკრატია, პატარა ქალაქ-სახელმწიფოებში, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი ძირითადში ყოველდღიურ ყოფით პრობლემებს ერთად წყვეტდა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა პროექტის მონაწილეებს თამაში "გახდი პრეზიდენტი" გადასცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა