ქართული პრესის მიმოხილვა 25.12.2017

"მსოფლიო იცვლება და სიფრთხილე გვმართებს..."

"ოცნებას" პრეზიდენტის ახალი ვეტოს დასაძლევად 12 ხმა დააკლდება

გია ხუხაშვილი - "სპეციალურად ავრცელებენ ხმებს, თითქოს პრემიერი გადადგომას აპირებს"

                                   * * *

"მსოფლიო იცვლება და სიფრთხილე გვმართებს..."

"კიდევ ერთი წელიწადი იწურება, რა მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მოვლენების მომსწრენი გავხდით 2017 წელს და როგორ შეიძლება შეფასდეს განვლილი წელი - გადავხედოთ პროცესებს ჩვენი რუბრიკის პრიზმიდან", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "მსოფლიო იცვლება და სიფრთხილე გვმართებს..."

"მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. დიახ, მსოფლიო იცვლება და სიფრთხილე გვმართებს. უკვე ლამის ყველა აღიარებს, რომ ლიბერალური დემოკრატია კრიზისშია. ახალ მსოფლიოში კულტურისა და კონტრკულტურის ბრძოლა მიმდინარეობს. კულტურაზე იდეოლოგიური შეტევა ხორციელდება პოლიტიკით, ბიზნესით, მედიით, მასკულტურით, იაფფასიანი გასართობებით. კულტურაზე შეტევა ათი მცნების რევიზიით იწყება ხოლმე. საზოგადოება იწყებს ათი მცნების გადაფასებას, რაც შეკვეთილი ტენდენციაა. მთელი საკაცობრიო ისტორიის განმავლობაში ასე ხდებოდა - ადამიანებს არწმუნებდნენ, თავშეკავება ჩათვლილიყო შემზღუდავ კომპლექსად და პირველყოფილი ინსტინქტების გამოთავისუფლება წაექეზებინათ. მე კი მიმაჩნია, რომ კულტურის ისტორია არის თავშეკავების ისტორია ზნეობრივი ღირებულებების მსახურების ფონზე", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოეტი დათო მაღრაძე.

"პრემია-დანამატების გაცემა "ნაციონალურმა" მთავრობამ დაამკვიდრა და ვერც "ქართული ოცნება" გათავისუფლდა ამისგან. ისევე როგორც ძალიან ბევრი რამისგან, მაგალითად, იგივე პრობლემებია საკადრო პოლიტიკაში, არაკომპეტენტური კადრების შერჩევაში და ა.შ. ამასთან - რაც ძალიან ცუდია - ამ მთავრობისთვის დამახასიათებელია კრონიზმი, ანუ თანამდებობაზე მეგობრების დანიშვნა. კანონში მკაფიოდაა ჩაწერილი, რომ ხელფასი შედგება სამი ნაწილისგან: სარგო, დანამატი და პრემია. თუ დანამატისა და პრემიის გაცემა გვინდა, უნდა იყოს მკაფიო რეგულაცია იმისა, თუ როგორ და რისთვის გაიცემა დანამატი და პრემია. სწორედ ის არის პრობლემა, რომ ეს რეგულაციები მკაფიოდ ჩამოყალიბებული არა გვაქვს. მოკლედ, ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული და ყველა პრობლემას მოევლება. მნიშვნელოვანია, ეს დაიწყოს პირამიდის სათავიდან, ანუ ჯერ უმაღლესი თანამდებობის პირებმა თქვან უარი დანამატებსა და პრემიებზე და მერე ეს დაბალ ეშელონებზეც გავრცელდეს. ძალიან მაღიზიანებს, როდესაც "ნაცები" ლაპარაკობენ ამაზე და აკრიტიკებენ "ქოცებს", მათ არა აქვთ ამის მორალური უფლება!" - თვლის ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა.

"ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებით ჩვენ გვეძლევა ის საშუალება, რაზეც არაერთი თაობა ოცნებობდა. ეს თაობა მოესწრება იმ დროს, როდესაც თბილისი ევროპის ისეთივე მარგალიტი გახდება, როგორიც პრაღა და ვენეციაა. იმედია, ამას ქვეყნის ყველა მოქალაქე კარგად გააცნობიერებს. კარგია სიხარული, მაგრამ ამ სიხარულმა არ უნდა დაგვიჩლუნგოს რეალობის აღქმის უნარი. ამიერიდან მეტი დაფიქრება გვმართებს. რაც შეეხება უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობას, ამის პოლიტიკური მნიშვნელობა ცხადზე ცხადია, თუმცა მისი სიკეთე რომ ყველა მოქალაქემ შეიგრძნოს, კარგი იქნებოდა, ჩვენი მოსახლეობის 50%-ს მაინც ჰქონდეს ფინანსური საშუალება, იმოგზაუროს, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი თვალით ნახოს, რა არის ეს ევროპა. ამ შედეგის მისაღწევად რამდენიმე ხელისუფლების ნამდვილად დიდი შრომა დაიხარჯა, ამიტომ პრიმიტიული უგუნურება და უსინდისობა იქნება, თუ ახლა რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ერთპიროვნულად მოიწადინა ამ წარმატების ავტორობა. ნურავინ მიეცემა საკუთარი თავით ტკბობას მიღწეულის გამო. უნდა გვახსოვდეს, რომ უამრავი რამ არის ქვეყანაში გასაკეთებელი და უამრავი ოცნებაა კვლავაც ასახდენი. ბუნებრივია, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულენიც ისარგებლებენ ამ შეღავათებით", - მიიჩნევს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

"ე.წ. ციანიდის საქმემ ცხადყო, რომ საპატრიარქოში არის მწვავე დაპირისპირება, რომელშიც გამოკვეთილად მონაწილეობს ორი ფრთა. შიდა დაპირისპირება ასეთი მასშტაბით პირველად გამოვიდა ეკლესიის სივრციდან და საჯარო განსჯის თემად იქცა. საქართველოს საპატრიარქო და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ბოლო 25 წლის განმავლობაში აღმოჩნდა ერთადერთი ინსტიტუცია, რომელმაც შეინარჩუნა ერთიანობა, არ დაიშალა, არ გახდა დიფერენცირებული და სწორედ მის სივრცეში შენარჩუნდა ქვეყნის ერთიანობა. ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოს ეკლესია აერთიანებს ქვეყნის იმ ნაწილებსაც, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული და ამას აღიარებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც, რაც მნიშვნელოვანია. ამიტომ ეკლესიის დისკრედიტაციის ნებისმიერი მცდელობა ძალიან სახიფათოა. ამას ვერაფრით განვიხილავთ მხოლოდ სასულიერო საკითხად, ეს შეეხება ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობის პრობლემატიკას. საპატრიარქოში არსებული დაპირისპირება ააშკარავებს იმას, რომ ხვალ-ზეგ ეკლესიაში დაიწყება ძალთა გადაჯგუფება, შესაბამისად, ყველა ცდილობს, მეტი მომხრე ჰყავდეს და მეტი გავლენა მოიპოვოს. მოკლედ, დაწყებულია ჭიდილი საპატრიარქო ტახტისთვის, რომელშიც ჩარევასა და ამ ვითარების გამოყენებას შეეცდებიან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარედანაც", - ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე.

"ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა როგორც თქვა, აშშ-ს არა ჰყავს მეგობრები და მტრები, მას აქვს სტრატეგიული ინტერესები. ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში აშშ-ის თითქმის ყველა პრეზიდენტი, თავისი პარტიისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიებით, საქართველოს მხარს უჭერდა. ტრამპი აშკარად უფრო რადიკალური პიროვნებაა და აშკარაა, რომ რადიკალურად მოქმედებს. საკანონმდებლო აქტი, რომლითაც აშშ-მა დაფინანსება შეუზღუდა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ, საქართველოს ადმინისტრაციის ძალისხმევის შედეგი ვერ იქნება, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენი ხელისუფლების განცხადებები, რომ ვრჩებით აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად და ჩვენს დასავლურ მისწრაფებებში არაფერი შეცვლილა, თავის როლს თამაშობს. მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ჩვენი აქტიურობა კვლავაც გაგრძელდეს, თუმცა საკანონმდებლო აქტი, რომელსაც ტრამპმა მოაწერა ხელი, უფრო აშშ-ის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების დამსახურება. თუმცა მისი საერთაშორისო მნიშვნელობა დიდია და საქართველოსთვის მხარდაჭერაც ნამდვილად უპრეცედენტოა. ეს არის შეუქცევადი თანადგომა და ნამდვილად საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს", - განმარტავს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე

"როგორც ვიცი, მარტო აგვისტოში საქართველოში 27-მდე დიდი თუ პატარა ხანძარი გაჩნდა. თუ კომპეტენტური სპეციალისტებისგან მოვისმენთ, რომ კლიმატურ ცვლილებებსა და აღმოსავლეთ საქართველოში ორთვიან გვალვას შეეძლო ამდენი ხანძრის გაჩენა და ეს დასკვნა იქნება დასაბუთებული, ეჭვის საფუძველი აღარ გვექნება, მაგრამ რადგან ამგვარ არგუმენტებს ვერ ვისმენთ, ლეგიტიმურია ვარაუდი, რომ ეს პროცესები დივერსიული გეგმის ნაწილია. სავარაუდოდ, ამ გეგმას ჰყავს დამკვეთი და შემსრულებლები - ალბათ, ჩვენივე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, იღებენ ამაში ფულს და ანადგურებენ ქვეყანას იმისთვის, რომ პრობლემები შეუქმნან ხელისუფლებასა და სახელმწიფოს. რაც შეეხება ხელისუფლებას, რასაკვირველია, მთავრობა მზად არ აღმოჩნდა ასეთი გამოწვევისთვის. ის, რომ კრიზისთან ბრძოლის როგორც თეორიული, ასევე ტექნიკური შესაძლებლობები გაფანტულია სხვადასხვა უწყებაში, დიდ პრობლემას წარმოშობს, რაც ბოლოდროინდელმა ხანძრებმაც აჩვენა. შედეგად დავინახეთ, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის პირველ დღეებში მთავრობა აშკარად დაბნეული იყო და ვერც სათანადო რეაგირება მოახერხა. ყველაფერთან ერთად, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ტექნიკური საშუალებები მწირია. უსათუოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესებში გამოჩნდა ჩვენი მეხანძრე-მაშველების კვალიფიკაციის მაღალი დონე", - აღნიშნავს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა ფრთებმა" - მე ასე მოვიხსენიებ "ნაცმოძრაობასა~ და მის განაყოფ "ევროპულ საქართველოს", - არჩევნებზე მიიყვანეს მხარდამჭერების მაქსიმალური რაოდენობა. ეს, ჩემი აზრით, მათთვის ოპტიმალური შედეგია. რატომ ვერ მიიყვანეს სხვა ძალებმა უბნებში უფრო მეტი ამომრჩეველი? პასუხი მარტივია: მათ ამომრჩეველი არა ჰყავთ. შესაბამისად, უკვე მერამდენედ, ქართველი ამომრჩეველი ადასტურებს, რომ ამ ერთკაციან პარტიებს პერსპექტივა არა აქვთ. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მან მოახერხა გარღვევა მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის დაპირისპირებაში - ვგულისხმობ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ ფრთებს", რომელთაც კატეგორიულად არ აძლევდა ხელს ელისაშვილის მეორე ადგილი. შედეგად, თვითმმართველობაში მივიღეთ "ქართული ოცნება" "ნაციონალური ფრთებით", - დასძენს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.

"თითქმის 22 საათის განმავლობაში გრძელდებოდა სპეცოპერაცია ბერი გაბრიელის გამზირზე... ყველაზე ხშირად გვესმის ვერსია, რომ ის პირები საქართველოს სატრანზიტოდ იყენებდნენ და ის ბინა იყო ე. წ. დალუქული ბაზა, რომლის გავლითაც არაერთი ასეთი ჯგუფი გადაადგილდებოდა როგორც სირიიდან, ასევე შესაძლოა სხვა ქვეყნებიდანაც. არსებობს სხვა ვარაუდიც: ეს ჯგუფი შეიძლება ყოფილიყო უკვე ჩამოყალიბებული დაჯგუფება, რომელიც საქართველოში დარჩენასა და "გაყინვას" აპირებდა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდებოდა. აჰმედ ჩატაევი, ჩემი აზრით, იმგვარი ფიგურა იყო, რომელსაც თავი ჰქონდა გადადებული იდეისთვის, შესაბამისად, აუცილებლად დაგეგმილი ექნებოდა დაძაბულობის ახალი კერის შექმნა ტერორისტული აქტის სახით, ახალი ტერორისტული უჯრედების შექმნით თუ სხვა რამ ფორმით. რამდენად საფუძვლიანია ვარაუდი, რომ საქართველოში ტერორისტული აქტი იგეგმებოდა? ჩვენი საზოგადოება ბოლო წლებში აშკარად სტაბილურია, ბუნებრივია, რომ გარკვეული ძალები, რომლებსაც ეს ხელს არ აძლევთ და ქვეყნის განვითარების პერსპექტივა აშფოთებთ, შეეცდებიან აქ გააჩინონ დაძაბულობის კერები და ამისთვის ტერორიზმი ერთ-ერთი გზაა. ამგვარ მცდელობებს, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავთ, ამიტომაც დღეს, როგორც არასდროს, ხელისუფლებას, სპეცსამსახურებსა და საზოგადოებას სიფხიზლე და მაქსიმალური კონსოლიდირება მართებთ", - დაასკვნის რესპონდენტი ექსპერტი ბადრი ნაჭყებია.

"ოცნებას" პრეზიდენტის ახალი ვეტოს დასაძლევად 12 ხმა დააკლდება

"საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტს, შესაძლოა, ვეტო დაადოს, ხოლო შეძლებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევას, ძნელი სათქმელია. წინა მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ამ კონკრეტულ კანონზე თავად "ოცნებაში" აზრთა სხვადასხვაობაა. სარეკლამო ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლას ეწინააღმდეგება უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილიც. დარგობრივმა კომიტეტმა ამაზე უარყოფითი დასკვნაც დადო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 22 დეკემბერს პარლამენტმა კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს 63 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს, მის დასაძლევად, სულ ცოტა, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნებას" პრეზიდენტის ახალი ვეტოს დასაძლევად 12 ხმა დააკლდება / პირველი შემთხვევა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ, შესაძლოა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ვერ შეძლოს.

"პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძის თქმით, ჯერჯერობით არკვევენ ამ კანონის დადებით და უარყოფით მხარეებს - "ამ კანონთან დაკავშირებით საზოგადოებაში გამოიხატა ძალიან ბევრი ჩივილი. თანაც არაორდინარული მოვლენა მოხდა, დიდი ხანია, ასეთი რამ არ მომხდარა - წამყვანმა კომიტეტმა სამჯერ დაწერა ზედიზედ უარყოფითი დასკვნა, თუმცა უმრავლესობამ მესამე მოსმენითაც მიიღო. ძალიან მნიშვნელოვანია ტელევიზიების მრავალფეროვნება. ჩვენ გვიცხოვრია იმ რეალობაში, სადაც ერთი ტელევიზიის ამარა ვიყავით. ამიტომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა, ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება დაგვეთმო, გასაუბრებოდა ყველას, ვის რა ჩივილები ჰქონდა. ახლა ჯერჯერობით ვარკვევთ ამ კანონის დადებით და უარყოფით მხარეებს. შეიძლება ვეტოს მოლოდინი არის, მაგრამ, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას თავად პრეზიდენტი მიიღებს და გვეცოდინება მას შემდეგ, რაც ჩვენთან კანონი მოვა და ვნახავთ, ბოლო ვერსიაში რა წერია", - ამბობს ანა დოლიძე. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა ვეტო დაადო, კანონი პარლამენტს უკან დაუბრუნდება, მაგრამ შემდგომ რა ბედი ეწევა, უცნობია. ამ კანონპროექტს მოწინააღმდეგეები ჰყავს თავად საპარლამენტო უმრავლესობაშიც, ამიტომ "ოცნებაში" არ იციან, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჯერ დაველოდოთ მოტივირებულ შენიშვნებს, ვიმსჯელებთ და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას. მოხდება თუ არა ვეტოს დაძლევა, არ ვიცი, გამიჭირდება წინასწარ პროგნოზი, რადგან ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა თავად უმრავლესობაშიც", - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა. მისივე თქმით, ამ საკითხზე უმრავლესობის დეპუტატებს შორის სერიოზული დისკუსია მიმდინარეობდა - " არის საკითხები, რომლებიც ბოლომდე, მათ შორის ჩვენი კოლეგების მხრიდანაც, სახელდებოდა, როგორც პრობლემა, თუნდაც კომერციული რეკლამისა და სტარტაპების ნაწილი, მაგრამ ვინაიდან მოლაპარაკების დროს ბევრი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული და კანონპროექტი თვისობრივად გადამუშავდა, თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავებით, ამიტომ პარლამენტმა თავისი პოზიცია გამოხატა და მხარი დაუჭირა. ახლა უკვე პრეზიდენტზეა დამოკიდებული, ხელს მოაწერს თუ არა კანონს", - აღნიშნა ჩუგოშვილმა. უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის - ლევან კობერიძის აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის უფლების დამატება სხვა მედიასაშუალებებს სარეკლამო ბაზრის გარკვეულ ნაწილს წაართმევს. ამიტომ მან ამ კანონის მიღებას მხარი არ დაუჭირა და არც ახლა აპირებს აზრის შეცვლას", - განაგრძობს გამოცემა.

"ჯერ ვნახოთ, დაადებს თუ არა ვეტოს პრეზიდენტი და თუ დაადო, რა იქნება მოტივირებული შენიშვნები შინაარსობრივი თვალსაზრისით. ჯერჯერობით არანაირი მიზეზი და არგუმენტი არ მაქვს, რომ შევიცვალო აზრი. საპარლამენტო პროცედურებიდან გამომდინარე, წამყვანმა კომიტეტმა უარყოფითი დასკვნა დადო, თუმცა სესიაზე მაინც გავიდა და უმრავლესობამ დაამტკიცა. ვეტოს შემთხვევაში რას იზამს უმრავლესობა, ვერ გეტყვით, ასეთი გათვლა არ გამიკეთებია და არ ვიცი, ვინ არის მომხრე და რამდენია მოწინააღმდეგე. ამიტომ გამიჭირდება თქმა", - აღნიშნა კობერიძემ. ცნობისთვის, ამ ცვლილებით საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება, კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტაპები) წახალისებაზე, ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის ინოვაციურ განვითარებასა და მაუწყებლობის გარემოს ხელშეწყობაზე მიმართოს", - დასძენს გამოცემა.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა (19:00-24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3 წუთს. ამასთან, იზრდება სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალებისა და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა - ნაცვლად 30 წუთისა, იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში, ნაცვლად 6 წუთისა - 12 წუთს. საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალების დროს. პროექტით, იმიჯნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის სამსახურისა და სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება. კანონში დაგეგმილი ცვლილებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება, მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგინებით იქნება შესაძლებელი. პრეზიდენტმა უკვე მოისმინა კერძო ტელევიზიების ხელმძღვანელთა პოზიციები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სარეკლამო ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლას და პრეზიდენტს თავისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებენ", - წერს სტატიის ავტორი.

გია ხუხაშვილი - "სპეციალურად ავრცელებენ ხმებს, თითქოს პრემიერი გადადგომას აპირებს"

"მთავრობის დამტკიცება, მცირე ხარვეზებს თუ არ ჩავთვლით, მეტ-ნაკლებად პოზიტიურად მიმდინარეობდა, პირადად მე სტრუქტურულ ოპტიმიზაციაზე კითხვები არა მაქვს, მხოლოდ ერთი საკითხი მაწუხებს - გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება და ბუნებრივი რესურსების კომპონენტის ეკონომიკის სამინისტროსთან შერწყმა, ვფიქრობ, არასწორია. სხვა მხრივ კი კრიტიკული შენიშვნების საფუძველი არ არსებობს, მით უმეტეს, რომ ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში მოვიდნენ პირები, რომლებიც ხალიჩის ქვეშ მოთამაშე პოლიტიკურ ჯგუფებს არ წარმოადგენენ და აქვთ შესაძლებლობა, სისტემური რეფორმა ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულების გარეშე განახორციელონ", - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სპეციალურად ავრცელებენ ხმებს, თითქოს პრემიერი გადადგომას აპირებს" / გია ხუხაშვილი: "პრემიერი წამოეგო იაფფასიან პროვოკაციას, არადა, ქვეყნის პირველ პირს თმენის მაღალი ვალდებულება აქვს".

"ამ პოზიტიურ პროცესს პარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა, ფაქტობრივად, პოლიტიკური ფასი დაუკარგა - პრემიერი წამოეგო იაფფასიან პროვოკაციას, არადა, ქვეყნის პირველ პირს თმენის მაღალი ვალდებულება აქვს. ვფიქრობ, უახლოეს თვეებში არც იგეგმება პრემიერის შეცვლა, თუმცა, როგორც ჩანს, კვირიკაშვილს დისკომფორტი მაინც ექმნება სამთავრობო ცვლილებებში მინიმალურად მონაწილეობის გამო, ასევე გავრცელებულ ხმებზე, რომ ის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას აპირებს, რომელსაც, ვფიქრობ, სპეციალურად ავრცელებენ, რათა საზოგადოებაში დაძაბულობა შექმნან... 2017 წლის არჩევნებმა არცთუ სახარბიელო მდგომარეობა კიდევ ერთხელ დაგვანახა - ამომრჩეველი აბსოლუტურად დისტანცირებულია პოლიტიკური ელიტისგან, მოსახლეობის 60% მხარს არ უჭერს. ფაქტი, რომ ამომრჩეველთა 60% არჩევნებზე არ გამოცხადდა, ნიშნავს, რომ პოლიტიკური სპექტრი სრულ კრიზისშია, ქვეყანაში გვყავს ცუდი ხელისუფლება და ცუდი ოპოზიცია, არჩევნებზე კი მოქალაქეები მხოლოდ იმისთვის მიდიან, რომ ვიღაცის წინააღმდეგ მისცენ ხმა ან შესაბამისი მატერიალური დახმარება მიიღონ. ასეთ ნეგატიურ არჩევნებში ყოველთვის ის იგებს, ვინც მეტ ფულს იხდის - ხელისუფლებას კი ფინანსური უპირატესობა როგორც წინასაარჩევნოდ, ისე არჩევნების დღესაც ჰქონდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისა გია ხუხაშვილი.

"სისტემა ისეა აწყობილი, სხვა პოლიტიკურ ძალას სახელისუფლებო პარტიაზე მეტი ფული ვერ ექნებოდა - ხელისუფლება ყოველთვის აკონტროლებს ფინანსურ ნაკადებს, განსაკუთრებით, პარტიებში. ალტერნატიული სალარო რომც გაჩნდეს, პარტიულ-პოლიტიკური ელიტა იმდენად დისკრედიტირებულია, რომ ამომრჩევლის მობილიზებას მაინც ვერ მოახერხებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა დაგვანახა, რომ ამომრჩევლის 70% ელოდება მესამე არჩევანს, რომელსაც პოლიტიკური ელიტა ვერ სთავაზობს - დღეს გვყავს ან მუდმივად დამარცხებული პარტიები, ან კომპრომეტირებული და დისკრედიტირებული პოლიტიკოსები. თუმცა, რადგან სამყარო მუშაობს პრინციპით - თუ მოთხოვნა არსებობს, მიწოდებაც აუცილებლად გაჩნდება, ვფიქრობ, მესამე ძალის გამოჩენის ალბათობა დიდია", - განაგრძობს რესპონდენტი.

"შენგენის ზონაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ევროპასთან ინტეგრაცია შესაძლებელია მხოლოდ თანაბარი კეთილდღეობის პირობებში - თუ ვერ შევძელით ეკონომიკის განვითარება და ევროკავშირის სტანდარტთან მიახლოება, შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა დამაზიანებელიც კი აღმოჩნდეს ჩვენთვის, რადგან ახალგაზრდების დიდი ნაწილი ქვეყნიდან გამგზავრებაზე ოცნებობს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ლამაზი ცოლი თუ გინდა, პირი მაინც უნდა დაიბანო. რამდენიც უნდა გველაპარაკონ ეკონომიკური ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელზე, სოციალური სტატუსი გაუარესდა და მოსახლეობის მაცივარი დღეს ბევრად ნაკლებად ივსება, ვიდრე 2012 წელს ვახერხებდით",- დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - "წინ საპრეზიდენტო არჩევნებია, რამდენად ძლიერი იქნება მმართველი პარტიის პოზიციები მომავალი წლის არჩევნებში?" - პასუხობს:

"გასაგებია, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი კიდევ უფრო მინიმალური ფიგურა გახდა, თუმცა ეს არჩევნები 2020 წლის გენერალური რეპეტიცია იქნება - თუ სახელისუფლებო გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, ის 2020 წელს აუცილებლად დამარცხდება. არსებულ პოლიტიკურ მოზაიკაში კი ვერ გამოვრიცხავთ, გამოჩნდეს ზეპარტიული ფიგურა, რომელმაც შესაძლოა კონიუნქტურა დაანგრიოს და არჩევნებში გაიმარჯვოს. ჯერჯერობით იკვეთება, რომ შესაძლოა არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი, ალეკო ელისაშვილი და დავით უსუფაშვილი ჩაერთონ, თუმცა ელისაშვილი მაინც ლოკალური ფიგურაა და მას რეგიონებში ნაკლებად იცნობენ, შესაბამისად, მისი შანსი მცირეა. რაც შეეხება მარგველაშვილის შანსს, მას ჰქონდა შესაძლებლობა, ანგარიშგასაწევი ძალა გამხდარიყო, თუმცა პოლიტიკური დინამიკა ვერ გამოავლინა, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც მისთვის ძალაუფლება პრივილეგია სულაც არ გახლავთ. დავით უსუფაშვილი კი ყოველთვის ელექტორატის სიმწირით გამოირჩეოდა და არც ახლაა მისი გამარჯვების დიდი შანსი, თუმცა პირადად მე უსუფაშვილისთანა პრეზიდენტს ნამდვილად ვისურვებდი. სხვათა შორის, კვირიკაშვილის შანსი მაღალია".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს