ლაშა თორდია - ოთარ ფარცხალაძეს ჩემზე თავდასხმას არ დავუვიწყებ

ყოფილ მთავარ პროკურორს ჩემზე თავდასხმას არ დავუვიწყებ, დაველოდები, როდის აღსრულდება სამართალი და მოეთხოვება პასუხი ფარცხალაძეს, - ამის შესახებ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ყოფილმა გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა, რომელმაც ”ელ ცენტროში” ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძესთან მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა. თორდია დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური ვითარების შეცვლისთანავე სიმართლე გაიმარჯვებს.

”ელ ცენტროს” ინციდენტთან დაკავშირებით ფარცხალაძემ პასუხისმგებლობა არ აიღო. პირიქით, გამოძიებას ჩვენება მისცა, რომ მე დავესხი თავს - გამოძიებაც სწორედ აქ შეჩერდა და საქმის დეტალების გარკვევა, როგორც ჩემთვის ცნობილია, აღარ გაუგრძელებია. ყოველ შემთხვევაში, მე არაფერი ვიცი. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური ვითარების შეცვლისთანავე სიმართლე გაიმარჯვებს. არავინ იფიქროს, რომ პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებ, უბრალოდ, ყოფილ მთავარ პროკურორს ჩემზე თავდასხმას არ დავუვიწყებ, დაველოდები, როდის აღსრულდება სამართალი და მოეთხოვება პასუხი ფარცხალაძეს”, - განაცხადა ფარცხალაძემ.

ლაშა თორდია თვლის, რომ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურები მფარველობენ.

”ფარცხალაძესთან ერთად გამოძიებაც იმ მიმართულებით წავიდა, რომ მე ვარ პათოლოგი, გიჟი და ფარცხალაძეს პირველი დავესხი თავს და პირადი სივრცე დავურღვიე. ამაზე დიდი ცინიზმი რაღა იქნება?! ეს მაფიქრებინებს, რომ დღეს ფარცხალაძე ხელშეუხებელია, თუმცა ვიმეორებ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. შეჩერებულია აუდიტორიდან პროკურატური გაგზავნილი მასალების საფუძველზე მერიის საქმიანობის გამოძიება, არადა, დოკუმენტურაა აღწერილი, თუ როგორ მიანიჭა მერიამ ოთარ ფარცხალაძეს პრივილეგია, რატომ მისცა სახელმწიფო ქონება არარეალურად იაფადა და ა.შ.”, - განაცხადა თორდიამ.

მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მასზე თავდასხმა პირდაპირ უკავშირდებოდა მის მაშინდელ საქმიანობას.

”2017 წლის მაისი ნამდვილად ცუდი გასახსენებელია ჩემთვის და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თავდასხმა პირდაპირ უკავშირდებოდა ჩემს იმჟამინდელ საქმიანობას - აუდიტის სამსახური მაშინ მერიის გადაწყვეტილებებს ამოწმებდა, ერთ-ერთ ეპიზოდში კი ოთარ ფარცხაკაძე ფიგურირებდა - ის მერიამ უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა, ჩაუნაცვლა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სამჯერ დიდი ფართობით და დამატებით - მისთვის სასურველ ფართობზე აუქციონი ფარცხალაძეს მოარგო. ასევე გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მუშაობის პერიოდში პოლიტიკური შეხედულებისა თუ ვინმესთან მეგობრობის გამო, არც ერთი აუდიტორისთვის სუბიექტური მითითება არ მიმიცია, პირიქით, ხელს მაქსიმალურად ვუწყობდი მათ პროფესიულ დამოუკიდებლობას”, - აღნიშნა თორდიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა