GWP-ს გენერალური დირექტორი - სემეკმა მიიღო ახალი მეთოდოლოგია და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ინვესტიცია სამართლიანად და ობიექტურად იქნება ასახული

კომპანია GWP-ს გენერალური დირექტორის გიორგი ცხადაძის განცხადებით, სემეკ-მა 2017 წლის განმავლობაში ახალი მეთოდოლოგია მიიღო და კომპანიას სიანვესტიციო გეგმა დაუმტკიცა, შესაბამისად ის იმედოვნებს, რომ GWP-ს მიერ განხორციელებული ინვესტიცია ამ მეთოდოლოგიაში ობიექტურად იქნება ასახული.

ამის შესახებ გიორგი ცხადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლითაც უპასუხა კითხვას, უნდა შეიცვალოს თუ არა წყლის ტარიფი, ვინაიდან სემეკ-მა კომპანიას ცოტა ხნის წინ საინვესტიციო გეგმა დაუმტკიცა. გიორგი ცხადაძეს არ დაუკონკრეტებია, იგეგმება თუ არა წყლის ტარიფის გაზრდა მომავალში, თუმცა აღნიშნა, რომ სწორედ ტარიფები იძლევა საშუალებას, რომ კომპანიამ ინვესტიციები განახორციელოს.

„კომპანიამ ფართომასშტაბიანი ინვესტიცია განახორციელა წლების განმავლობაში, ასევე ვგეგმავთ ამ პოლიტიკის გაგრძელებას. სემეკმა ამ წლის განმავლობაში მიიღო ახალი მეთოდოლოგია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ინვესტიცია სამართლიანად და ობიექტურად იქნება ასახული. ამის უკან მარტივი ლოგიკაა, სწორედ ტარიფი აფინანსებს და საშუალებას აძლევს კომპანიას იმისთვის, რომ განახორციელოს ინვესტიციები. ასე რომ ვფიქრობ, ჩვენი ინვესტიციები სამართლიანად იქნება ტარიფში. დღეს არსებული ტარიფი კი გამომდინარეობს იმ ინვესტიციებით, რაც აქამდე განხორციელდა. შესაბამისად, მომდევნო წლებში, ვფიქრობთ, ჩვენი გეგმები სამართლიანად იქნება ტარიფში ასახული“, - განაცხადა გიორგი ცხადაძემ.

გარდა ამისა, კომპანიის დირექტორმა ისაუბრა იმ გეგმებსა და პროექტებზე, რომელიც GWP-მ 2018 წელს უნდა განახორციელოს. მისივე თქმით, მომავალი სამი წლის განმავლობაში კომპანია 200 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს წყალმომარაგების სისტემის განახლებაში.

„ჩვენ ვოპერირებთ სამ ქალაქში, ეს არის თბილისი, რუსთავი და მცხეთა. სამივე ქალაქში 24-საათიან წყალმომარაგებას და საუკეთესო ხარისხის პროექტს ვაწვდით აბონენტებს. მოგეხსენებათ, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ფართომასშტაბიან ინვესტიციებს ვგეგმავთ. ძირითადად, ეს მოხმარდება ჩვენი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და განვითარებას. მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ მილების გამოცვლა არ არის ინფრასტრუქტურა, ჩვენ ასევე ვცვლით ჩამკეტ-მარეგულირებელ ინფრასტრუქტურას. ეს არის უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ევროპული მომწოდებლისგან ვყიდულობთ, ასევე წყალმომარაგების კუთხით ვცვლით მილებს. 16 ატმოსფეროზე ნაკლებ გამძლეობის მილებს არ ვდებთ, პირიქით უფრო მაღალს ვდებთ. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ მომდევნო ათეული წლების განმავლობაში სისტემა იქნება სტაბილური და აბონენტებს ამ კუთხით პრობლემა არ ექნებათ“, - განაცხადა ცხადაძემ.