2015 წლიდან 2017 წლის 30 ივნისამდე სახელმწიფო ტენდერის გზით 6.1 მლრდ ლარის ღირებულების 66 639 ხელშეკრულება დაიდო

2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისამდე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესწავლამ ცხადყო, რომ ტენდერის გზით 6.1 მლრდ ლარის ღირებულების 66 639 ხელშეკრულება დაიდო, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ პერიოდში ყველაზე მსხვილმა 31-მა კომპანიამ 1.36 მლრდ ლარის ღირებულების 1 629 ხელშეკრულება გააფორმა.

"ყველაზე მეტი ღირებულების კონტრაქტები „ბლექს სი გრუპმა“ მიიღო - დაახლოებით 89 მლნ ლარის ღირებულების 19 ხელშეკრულება. მეორე ადგილს „საბა კონსტრაქშენი“ იკავებს 83 მლნ ლარის ღირებულების 20 ხელშეკრულებით.

1 849 ახალ დაფუძნებულ კომპანიასთან 200.3 მლნ ლარის ღირებულების 6 946 ხელშეკრულება დაიდო (ტენდერების გზით დადებული ხელშეკრულებების რაოდენობის 10%). მაგალითად, რუსთავის მუნიციპალიტეტის 735 ათასი ლარის ღირებულების ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ შპს „ათონი”, რომელიც ტენდერის გამოცხადებიდან 20 დღის შემდეგ დაფუძნდა,"- აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, 80-მდე კომპანიასთან დაკავშირებულმა (მოქმედი ან ყოფილი მეწილე ან დირექტორი) 90-მდე პირმა მმართველ პარტიას დაახლოებით 3.6 მლნ ლარი შესწირა. მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 360 მლნ ლარზე მეტი ღირებულების დაახლოებით 1 600 სატენდერო ხელშკრულება მიიღეს.

გარდა ამისა, 82 უცხოურ კომპანიასთან ორგანიზაციის ცნობით, ტენდერების გზით სულ 247.4 მლნ ლარის ღირებულების 175 ხელშეკრულება გაფორმდა (ტენდერების ჯამური ღირებულების 4%).

"ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე ტენდერები თურქეთში რეგისტრირებულ კომპანიებზე მოდის, რიგით მეორე კი აზერბაიჯანია. უცხოური კომპანიებისგან შესყიდვის ყველაზე მსხვილი კატეგორია ფარმაცევტული პროდუქტებია.

ტენდერებში კონკურენცია დაახლოებით 10%-ით გაიზარდა - 2015 წელს ტენდერში მონაწილეთა საშუალო მაჩვენებელი 2.03-ს შეადგენდა, 2017 წლის 6 თვის მდგომარეობით ის 2.22-მდეა გაზრდილი. თუმცა, დაბალი კონკურენცია კვლავ პრობლემად რჩება - მაგალითად, თიანეთის ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ყველა ტენდერს, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის ტენდერების 66%-ს მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა;

ამასთან, გამოცხადებული ტენდერების 71%-ში ხელშეკრულება დაიდო, 29 %-ის შემთხვევაში კი ტენდერი არ შედგა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ის შემსყიდველები (მაგალითად, ახალგორის მუნიციპალიტეტის სერვის-ცენტრის მიერ გამოცხადებული 25-ვე ტენდერი წარუმატებლად დასრულდა), რომელთა მიერ გამოცხადებული ტენდერების ჩავარდნის მაჩვენებელი ძალიან მაღალია და 60%-დან 100%-ს შორის მერყეობს,"- აღნშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

მათივე ცნობით, 66 მლნ ლარის ღირებულების 1 136 ხელშეკრულება არ შესრულდა (მთლიანი ტენდერების 1%).

ამასთან, მათივე ცნობით, 22-მა მსხვილმა შემსყიდველმა (50 მლნ ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვის განმახორციელებელი), საერთო ჯამში, დაახლოებით 3.1 მილიარდი ლარის ღირებულების მომსახურება შეისყიდა;

15 ყველაზე მსხვილი შესყიდვის კატეგორიამ 4.67 მილიარდი ლარი შეადგინა, რომლებზეც 29 334 ხელშეკრულება გაფორმდა. აქაც ყველაზე მეტი თანხა სამშენებლო სამუშაოებზე მოდის,"- აცხდებენ ორგანიზაციაში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში ბევრი პროგრესული ცვლილება შევიდა (მათ შორის გამარტივებული შესყიდვების წინასწარ შეთანხმების საჭიროება შესყიდვების სააგენტოსთან, ასევე ახალი ტიპის ორეტაპიანი ტენდერების შემოღება), თუმცა გასათვალისწინებელი რჩება რიგი რეკომენდაციები, მათ შორის გამარტივებული შესყიდვის უფლების ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის, კანონმდებლობაში ფორს-მაჟორის ცნების შემოტანა და სანქციების შემოღება იმ შემთხვევებისთვის, როდესაც შემსყიდველი პოსტფაქტუმ ვერ ასაბუთებს გადაუდებელ აუცილებლობას;

ამასთან, მათივე მოსაზრებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა შეისწავლოს ის შემსყიდველები, რომლებიც ჩაშლილი ტენდერების მაღალი წილით გამოირჩევნიან, დაადგინოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები (რაც შეიძლება იყოს არასწორი დაგეგმვა, მიმწოდებლების სიმცირე და ა.შ.) და გადადგას საპასუხო ნაბიჯები;

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სააგენტომ, ასევე, უნდა შეისწავლოს დაბალკონკურენტული ტენდერები, დაადგინოს ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები (რაც შეიძლება იყოს კონკრეტულ რეგიონში მიმწოდებელთა სიმცირე, არასწორი დაგეგმვა, ტენდერის პირობების კონკრეტულ მიმწოდებელზე მორგება თუ სხვა) და მიიღოს შესაბამისი ზომები;

"სააგენტო უნდა დაინტერესდეს იმ საჯარო უწყებებით, რომლებსაც ტენდერით არცერთხელ არ უსარგებლიათ ან გამარტივებული შესყიდვების განსაკუთრებით მაღალიწილით გამოირჩევიან;

სააგენტომ უნდა უზრუნველყოს გამარტივებულ შესყიდვებზე ინფორმაციის სრულად და დროულად ხელმისაწვდომობა ელექტრონულ პორტალზე, რაც ამ ეტაპზე პრობლემას წარმოადგენს, მათ ძალოვანი უწყებების კუთხითაც", - აღნიშნავენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს