რუსთავში საახალწლო ღონისძიებებისათვის მზადება დაიწყო

რუსთავში საახალწლო ღონისძიებებისათვის მზადება დაიწყო. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისუფლების მოედანზე მთავარ ნაძვის ხესთან, ,,საახალწლო სოფლის“ მშენებლობა მიმდინარეობს. საახალწლო ღონისძიებები 29 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს, ღამის თერთმეტ საათზე გალა-კონცერტით დასრულდება.

„საახალწლო სოფელი“ გაფორმებული იქნება ახალი წლის და შობის დეკორაციებით, მანათობელი ანგელოზებით, თოვლის ბაბუებით, ნაძვის ხეებით, სასაჩუქრე ყუთებით აწყობილი ნაძვის ხითა და ირმებიანი მარხილით. სოფლის პერიმეტრი მოირთვება საახალწლო სანათებით, თივის შეკვრებით, დიდი სასაჩუქრე ყუთებით, გირლიანდებითა და წითელი ბაბთებით.

29, 30 და 31 დეკემბერს 16:00 საათიდან, 19:00 საათამდე ,,სახალწლო სოფელში“ მოეწყობა ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა, სანტას კუთხე, მინი კინოთეატრი ბავშვებისათვის, გაიმართება სამუსიკო სკოლებისა და მუსიკალური სტუდიების კონცერტები, ფლეშმობი, საცირკო და თეატრალური წარმოდგენები, ილუზიონისტებისა და ანიმატორების შოუ.

სამი დღის განმავლობაში „საახალწლო სოფელში“ მისულ ბავშვებს, სხვადასხვა ზღაპრის გმირები შეეგებებიან და პროგრამას გააცნობენ. პატარებს იქვე დახვდებათ სანტა კლაუსი, რომელიც მათ საჩუქრებს დაურიგებს. მინი კინოთეატრში ბავშვებს 18:00 საათიდან შესაძლებლობა ექნებათ უყურონ საახალწლო მოკლემეტრაჟიან მულტფილმებსა და ფილმებს; Photo bus-ში სპეციალურად მოწყობილ კაბინაში უფროსებსა და ბავშვებს უფასოდ შეეძლებათ გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები.

29 დეკემბერს, 20:00 საათზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების: „თუთარჩელას“, „ფიროსმანის“,„მე რუსთველისა“ და „სალხინოს“კონცერტი დაიწყება.

30 დეკემბერს 20:00 საათზე კი მუსიკალური ბენდების „გროს ოქტეტისა“ და ‘’Menzura”-ს კონცერტი.

31 დეკემბერს საახალწლო სოფელში 21:00 საათზე დაიწყება საახალწლო გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ლაშა ბერიძე, ოთო ნემსაძე, სალომე ბაკურაძე, დათუნა მგელაძე, ანანო მჟავია, თემურ თათარაშვილი, დათო ნეფარიძე და „პანჩო“ მიიღებენ.

ღონისძიებების ორგანიზატორი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს