ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ ზვიად რატიანის საქმეზე დაწყებული გამოძიება ყველა კითხვას ადეკვატურ ვადებში გასცემს დამაჯერებელ პასუხს

სახალხო დამცველი ეხმიანება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ ზვიად რატიანის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს და იმედოვნებს, რომ დაწყებული გამოძიება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა კითხვას ადეკვატურ ვადებში გასცემს დამაჯერებელ პასუხს. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ საქმის თავდაპირველ შესწავლასა და პირველად მოქმედებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებდა, რაც ეწინააღმდეგება საგამოძიებო ქვემდებარეობის დადგენილ წესსა და გამოძიების ეფექტიანობის საერთაშორისო სტანდარტებს.

”სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ზვიად რატიანის საქმე განყენებულად არ უნდა იქნას განხილული. იგი პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ტენდენციის გამოვლინებას წარმოადგენს, რაზეც სახალხო დამცველი საუბრობდა 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში. მოქალაქეთა ნდობის აღდგენისთვის, რაც შს მინისტრის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს, თითოეული ფაქტის გამოძიებაა აუცილებელი. ამ კუთხით სახალხო დამცველი მიესალმება გადაწყვეტილებას, შემთხვევის საბოლოო გამოძიებამდე ერთ–ერთი პოლიციელისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზვიად რატიანი სავარაუდო არასათანადო მოპყრობას სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას დაექვემდებარა, რომლის ფარგლებშიც 52 000–მდე პირი იქნა გადამოწმებული. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რომ არასათანადო მოპყრობის ან პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს - 1481.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ზვიად რატიანს უკვე შეხვდნენ და გაესაუბრნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში. სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს გაუწევს, როგორც ზვიად რატიანის სასამართლო პროცესის, ისე – არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას”,- ნათქვამია განცხადებაში.