თბილისის მერიაში არ გამორიცხავენ, რომ დედაქალაქის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან გაფორმებული ხელშეკრულება საერთოდ გააუქმონ

თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, თემურ ბოლოთაშვილის ინფორმაციით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დაჯარიმების მიზეზი ხელშეკრულების მე-6 ეტაპი გახდა. ამის შესახებ ბოლოთაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით მერიამ ჯგუფს შენიშვნით ორჯერ მიმართა და ვინაიდან მან ვერ ერთ შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორება ვერ შეძლო, დედაქალაქის მთავრობამ ჯარიმა გამოიყენა.

„ხელშეკრულება ითვალისწინებდა შემსყიდველის მიერ მიმწოდებლის დაჯარიმებას 5%-ით. მე-6 ეტაპი წარმოადგენს ხელშეკრულების საბოლოო ეტაპს, რომლის დროსაც უნდა მოხდეს გენგეგმის სრულად წარმოდგენა. ამის იქეთ მიმწოდებელს არაფერი აქვს გასაკეთებელი და ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. ამიტომ ეს არის ყველაზე კრიტიკული ეტაპი. 5 ეტაპი უკვე ჩაბარებულია, ხელმოწერილია მიღება-ჩაბარების აქტები, თუმცა, საბოლოო პროდუქტი ჯერ არ მიგვიღია. პირველ ორ შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა, ამიტომ ვალდებულები ვიყავით ჯარიმა, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, გამოგვეყენებინა. კომპანიას ხარვეზის გამოსასწორებლად 10-დღიანი ვადა მიეცა“, - განაცხადა ბოლოთაშვილმა.

მისივე განცხადებით, ჯგუფის მიერ გეგნგეგმაში წარმოდგენილ საკითხებს დასაბუთება აკლია.

„გენგეგმა გვჭირდება იმისათვის, რომ გარკვეულ ვადებში ქალაქში არსებული პრობლემები მოგვარდეს. ეს იქნება სატრანსპორტო, გამწვანების, განაშენიანების კუთხით თუ სხვა მიმართულებებით. მხოლოდ დაგეგმარებითი პროექტების შემუშავებით პრობლემა ვერ გვარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათი განხორციელების გზები და რიგითობა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რა რის შემდეგ და რატომ უნდა გაკეთდეს. ეს აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი გენგეგმის ტექსტურ ნაწილში.

რაც შეეხება ზონირებასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს, დასაბუთებული უნდა იყოს ფუნქციური ზონირების ცვლილებები. დღეს რომ ერთი ფუნქციური ზონა აქვს კონკრეტულ ტერიტორიას და შემოთავაზებულია სხვა ფუნქციური ზონა, უნდა ვიცოდეთ, რატომ გვთავაზობს საპროექტო ჯგუფი სხვა ფუნქციურ ზონას. უნდა გვქონდეს შესაბამისი დასაბუთება. ნებისმიერ საპროექტო გადაწყვეტას, რომელიც იქნება წარმოდგენილი, თან უნდა ახლდეს შესაბამისი დასაბუთება. დასაბუთების გარეშე იდეა კარგიც რომ იყოს, მისაღები არ არის, იქედან გამომდინარე, რომ არ აქვს დასაბუთება და ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ეს კარგი იდეაა. ეს არის კონცეპტუალური პრობლემა. ნებისმიერ საპროექტო გადაწყვეტას, რომელიც გენგეგმის ტექსტშია წარმოდგენილი, აკლია დასაბუთების ხარისხი. ასევე, შენიშვნები ეხება ტრანსპორტთან და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მაგალითად, განსაზღვრულია და შემოთავაზებულია ქუჩათა სამდონიანი იერარქია, თუმცა, აქვე არ არის ახსნილი მეთოდოლოგია, რა სისტემას გულისხმობენ თითოეულ დონეში. რეჟიმებს ვერ ვხვდებით და არ არის ახსნილი. ტექსტში ასევე საუბარია შეკავშირებულ ქალაქზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდაზე, მანქანების შემცირებაზე და შემოთავაზებულ დოკუმენტში ბოლომდე არ ჩანს რას გულისხმობენ, ეს კი ეწინააღმდეგება კონცეფციის მიდგომებს“, - განაცხადა ბოლოთაშვილმა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა დაჯარიმებითაც ვერ მოგვარდა, რა დამატებითი ღონისძიებების გატარებას აპირებს მერია, ბოლოთაშვილის თქმით, შესაძლოა კომპანიასთან ხელშეკრულება საერთოდ შეწყდეს.

„თუმცა, მე მაინც იმედი მაქვს, რომ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მოხდება გამოსწორება. ამაზე მზაობა გენგეგმის ჯგუფს აქვს. შევთანხმდით, რომ მიმდინარე კვირაში სამუშაო რეჟიმში გავივლით იმ ხარვეზებს, რომელიც დადგენილია სამსახურის მიერ. ჯერჯერობით ამ ხელშეკრულების ფარგლებში ვმოქმედებთ და არ ვისურვებდი ამ ფარგლებიდან გასვლას. თუმცა, ხელშეკრულება ითვალისწინებს სხვადასხვა პირობებს და მათ შორის გაწყვეტის შესაძლებლობასაც.

გენგეგმის არდამტკიცებით, შესაძლოა, მოხდეს კონკრეტული პრობლემების გაგრძელება, რაც ქალაქში გვაქვს და რის გამოც თავის დროზე არქიტექტურის სამსახურმა ეს გენგეგმა დაუკვეთა. პარალელურად, ჩვენ ვაპირებთ კონკრეტული შეზღუდვების დაანონსებას. ვსაუბრობ იმ ტიპის შეზღუდვებზე, რაც მნიშვნელოვანია გეგნგეგმის ტექსტში იყოს, მაგრამ მისი არდამტკიცებით საქმე არ დაშავდეს. ამაზე რამდენიმე დღეში თბილისის მერი თავად ისაუბრებს“, - განაცხადა ბოლოთაშვილმა და დასძინა, რომ გენგეგის პროექტზე მუშაობა იანვრის შუა რიცხვებისთვის უკვე დასრულებული უნდა იყოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა