ფოთის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვასილ თოდუამ წარადგინა.

მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 739 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტზე 89 ათასი ლარით მეტია. ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამების უზრუნველყოფა 2018 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტებია.

,,ეს არის სოციალური მიმართულების ბიუჯეტი, ყურადღებაა გამახვილებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე და საერთო ჯამში, ვფიქრობთ, მომავალი წლის ბიუჯეტმა ხელი უნდა შეუწყოს იმ პრობლემების გადაწყვეტას, რაც ჩვენი ქალაქის სინამდვილეშია“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია დარჯანიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა 2018 წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს. მათი განცხადებით, ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული არ არის. მათივე თქმით, ის ქალაქში არსებულ მოთხოვნებს ვერ უპასუხებს. ,,ბიუჯეტი მიიღეს ზარ-ზეიმით, მაგრამ ის არ არის არაფრის მომტანი მოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის. პირობები, რაც ჩვენ შევთავაზეთ, არაფერი გაითვალისწინეს. შეჭირვებული მოსახლეობისთვის სოციალური სახლის აშენებას ვითხოვდით. ამ გაუსაძლის მდგომარეობაში რომ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ეთჯერადი მატერიალური დახმარებები, არ ჩასვეს ბიუჯეტში. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის არც ერთი თეთრი არ გამოყვეს. საბავშვო ბაღის თანამშრომლებს, რომლებსაც ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ვანდობთ, არ გაუზარდეს ხელფასები. ეს ბიუჯეტი არ არის ხალხზე ორიენტირებული და ამიტომაც არ დავუჭირეთ მხარი“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ დარეჯან ცხვიტარიამ.

როგორც საკრებულოს სხდომაზე ითქვა, ხელი შეეწყობა ქალაქში კულტურისა და სპორტის განვითარებას. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, ვასილ თოდუას ინფორმაციით, წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით გამოყოფილი თანხა 3 მლნ 880 ათას ლარს შეადგენდა. მისივე თქმით, მოვალ წელს ის, სავარაუდოდ, 5 მლნ 78 ათას ლარამდე გაიზრდება.