სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ ციხიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლება მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგია. „მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ციხიდან 2011 წლის მაისში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლების გადაწყვეტილება არის დადებითი ნაბიჯი, რომელიც პოზიტიურ დინამიკას შესძენს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შემდგომ მუშაობას“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში.
გიორგი ლუკავა სოხუმის დრანდის ციხეში პატიმრობაში თითქმის შვიდი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე გადმოეცა.