ირაკლი კობახიძე - საქმიანობის ანგარიშის წარდგენის პრაქტიკა, რომელიც იურიდიულ კომიტეტში არსებობს, სხვა დანაყოფებზეც უნდა გაგრძელდეს

საქმიანობის ანგარიშის ფართო საზოგადოებისთვის პერიოდულად წარდგენის პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბებულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, აუცილებლად უნდა გავრცელდეს პარლამენტის სხვა დანაყოფებზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ გაწეული საქმიანობისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას მადლობა გადაუხადა.

„ყველასთვის ნათელია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ასრულებს საკვანძო როლს და ფუნქციას პარლამენტში. ყველა ძირითადი ცვლილება გადის სწორედ იურიდიული კომიტეტის ხელში და ამ კუთხით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფუნქცია და როლი არის გამორჩეული. მოხარული ვარ, რომ ამ ფუნქციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელი შემადგენლობით, დღევანდელი ხელმძღვანელობა სათანადოდ და ძალიან მაღალ დონეზე ასრულებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ეკა ბესელიას, რომელიც ამ საქმეს უდგას სათავეში და რომელიც უზრუნველყოფს კომიტეტის ფუნქციების სათანადო შესრულებას და განხორციელებას. სტატისტიკა არის ნამდვილად შთამბეჭდავი და ასევე აღვნიშნავ, რომ ამ სტატისტიკის უკან ძალიან კონკრეტული ცვლილებები, ძალიან კონკრეტული რეფორმები და ეს რეფორმები უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას, ჩვენი სამართლის სისტემის შემდგომ განვითარებას, ჩვენი მმართველობის სისტემის შემდგომ განვითარებას და ზოგადად, ქვეყნის განვითარებას სხვადასხვა საკვანძო მიმართულებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ კუთხით იურიდიული კომიტეტის როლი არის ნამდვილად საკვანძო საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, წლების განმავლობაში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების მიმართულებით გარკვეული სისუსტით გამოირჩეოდა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს ამბიციური გეგმები აქვს და ამ ორი საკვანძო ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით ბევრი რამ უნდა გაკეთდეს.

„პარლამენტს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები. პარლამენტი გამოირჩეოდა გარკვეული სისუსტით წლების განმავლობაში, კანონშემოქმედებით სფეროში იყო გარკვეული ხარვეზები, განსაკუთრებით, ზედამხედველობის სფეროში. ეს არის ორი საკვანძო ფუნქცია საქართველოს პარლამენტის და იყო გარკვეული ხარვეზები წლების განმავლობაში. საუბარი მაქვს გასულ 25 წლიან პერიოდზე ამ ორი მიმართულებით, თუმცა, რა თქმა უნდა, პარლამენტი ვითარდება და გვაქვს მუდმივი პროგრესი. ბევრი რამ უნდა გაკეთდეს კიდევ დამატებით იმისთვის, რომ ეს ორი ფუნქცია კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს პარლამენტში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ კუთხით გვაქვს ამბიციური გეგმები. პარლამენტი საჭიროებს გაძლიერებას, პარლამენტის აპარატი საჭიროებს გაძლიერებას და ამ კუთხით ჩვენ აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა აღმასრულებელი ხელისუფლებასა და სხვა კონსტიტუციურ ორგანოებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და ყურადღება სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე გაამახვილა. მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობა პარლამენტის საქმიანობაში. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ მხრივ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კარგი პრაქტიკაა ჩამოყალიბებული.

„მნიშვნელოვანია პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთქმედება, პარლამენტის ურთიერთობა სხვადასხვა კონსტიტუციურ ორგანოებთან, განსაკუთრებით, სახალხო დამცველთან იმისთვის, რომ რეფორმების გატარების პროცესში ადამიანის უფლებების სათანადო დაცვა იყოს უზრუნველყოფილი. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობა პარლამენტის საქმიანობაში და მათ შორის, რა თქმა უნდა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობაში. მოხარული ვარ, რომ ამ კუთხითაც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იყო ძალიან კარგი პრაქტიკა ჩამოყალიბებული. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა ამ ერთი წლის განმავლობაში როგორც ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოსთან, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და სწორედ ასეთი თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდებოდა საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის როლი არის საკვანძო საქართველოს პარლამენტში და ეს ფუნქცია სათანადოდ ხორციელდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს