თბილისის საკრებულოში კანტის აკადემიის მოსწავლეებისთვის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში კანტის აკადემიის მოსწავლეებისთვის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მათში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, მოზარდებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს დეპუტატებმა უმასპინძლეს.

კანტის აკადემია წარმოადგენს საგანმანათლებლო პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რომელიც ახორციელებს პროგრამებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ევროპულ და ამერიკულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, ასევე, ორგანიზებას უწევს ქართული დელეგაციების მონაწილეობას გაერო-ს ახალგაზრდულ სესიებში ევროპასა და ამერიკაში.

აღნიშნული შეხვედრა აკადემიის სასწავლო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ახალგაზრდებს პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, სერტიფიკატები გადასცა.

თბილისის საკრებულოში მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.