ქეთევან ციხელაშვილი - გიორგი ლუკავას გათავისუფლება პოზიტიურად აისახება სამშვიდობო პროცესზე და ქართულ - აფხაზურ ურთიერთობებზე

გიორგი ლუკავას გათავისუფლება პოზიტიურად აისახება სამშვიდობო პროცესზე, ქართულ - აფხაზურ ურთიერთობებსა და ნდობის მშენებლობაზე, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს არის კიდევ ერთი პოზიტიური მაგალითი და კარგი პრეცედენტი იმ პროცესის ფარგლებში, რაც პატიმრების გათავისუფლებას უკავშირდება.

”მნიშვნელოვანი რამ მოხდა გუშინ. გიორგი ლუკავა თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ სოხუმის საპყრობილიდან გათავისუფლდა. მიხარია, რომ ის ქართულ მხარეს გადმოეცა და ახალ წელს საკუთარ სახლში შეხვდება.

ეს არის კიდევ ერთი პოზიტიური მაგალითი, ძალიან კარგი პრეცედენტი იმ პროცესის ფარგლებში, რაც პატიმრების გათავისუფლებას უკავშირდება. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი პირი იქნა გათავისუფლებული ცხინვალისა და სოხუმის ციხეებიდან. ეს არის დადებითი პროცესი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ეს პოზიტიურად აისახება სამშვიდობო პროცესზე, ქართულ - აფხაზურ ურთიერთობებსა და ნდობის მშენებლობაზე”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

გიორგი ლუკავა სოხუმის დრანდის ციხიდან გუშინ გათავისუფლდა. ის პატიმრობაში თითქმის შვიდი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე გადმოეცა.