სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში აცხადებენ, რომ „საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, არაზუსტია

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო „საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევას ეხმიანება და აცხადებს, რომ ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან რაზმაძემ ჟურნალისტებს განუცხდა, გამარტივებული შესყიდვებსა და ტენდერებს მისი უწყება გამჭვირვალედ და სამართლიანად ატარებს.

როგორც ლევან რაზმაძემ აღნიშნა, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ანტიკორუფციული კომპონენტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 24 ივლისს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი „სახელწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მისი განმარტებით, ეს კანონი, რომელიც ამოქმედდა 2015 წლის 1 ნოემბრიდან, ადგენს ცალკეული საფუძვლებით (გადაუდებელი აუცილებლობა, ექსკლუზიური უფლებამოსილება, ხარისხის გაუარესების თავიდან აცილება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება), გამარტივებული შესყიდვების განხორციელების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან სავალდებულო შეთანხმების მარეგულირებელ ნორმებს.

”უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს რომ, თუ გავაანალიზებთ საერთო სტატისტიკურ მონაცემებს, გამარტივებული შესყიდვების ჯამური პროცენტული ოდენობა 2012 წლიდან დღემდე ხასიათდება პერმანენტული კლების ტენდენციით. თუ 2012 წელს გამარტივებული შესყიდვის წილი სახელმწიფო შესყიდვებში იყო 45%, , 2017 წლის 1 დეკემბრის მონაცემით პროცენტულად გამარტივებული შესყიდვა შემცირებულია 23%-ით და შეადგენს სახელმწიფო შესყიდვების 22%-ს.

ამასთან ერთად სახეზეა გამარტივებული შესყიდვის არამარტო თანხობრივი, არამედ ზოგადი ოდენობების კლებაც, კერძოდ: 2016 წლის განმავლობაში სულ გამარტივებულ შესყიდვაზე შემოსულია 3760 მომართვა, ხოლო 2017 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით შემოსულია 3192 მომართვა, რაც პროცენტულად შეადგენს 16%-იან კლებას. ამასთან, შემოსული შეტყობინებების 24% მიმართებაში სააგენტომ უარი განაცხადა.

აღსანიშნავია რომ სააგენტოს მიერ შედგენილ ყოველწლიურ სტატისტიკაში გაერთიანებულია კანონით დადგენილი გამარტივებული შესყიდვის სხვადასხვა ტიპის და ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებული შესყიდვის გარემოებები, მაგალითად:

სახელმწიფოებრივი და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე შესყიდვები უმეტეს შემთხვევაში პირდაპირ დაკავშირებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პირობებზე და მათ პროცედურებზე, შეუძლებელია ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი შესყიდვის კონკურენტული შერჩევის გზით განხორციელება, რის გამოც მსგავსი შესყიდვები ავტომატურად, მთლიანად ექცევა გამარტივებულ შესყიდვებში. აღნიშნული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის ჯამური ოდენობა 2017 წლის 1 დეკემბრამდე შეადგენს 347 მილიონი ლარს;

ხუთი ათას ლარამდე განხორციელებული წლიური, ჯამური გამარტივებული შესყიდვა, რომლის უფლებასაც კანონმდებლობა აძლევს შემსყიდველ ორგანიზაციას. აღნიშნული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის ჯამური ოდენობა 2017 წლის 1 დეკემბრამდე შეადგენს 84 მილიონი ლარს;

ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდით გზით გამარტივებული შესყიდვა აღნიშნული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის ჯამური ოდენობა 2017 წლის 1 დეკემბრამდე შეადგენს 12 მილიონი ლარს.

შესაბამისად, სხვა დანარჩენი საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის ჯამური ოდენობა შეადგენს 194 მილიონ ლარს”, -განაცხადა რაზმაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვის ჩათვლით გამარტივებული შესყიდვის ჯამური ოდენობა, სადაც შედის ყველა კანონით დადგენილი გამარტივებული შესყიდვის საფუძვლით განხორციელებული შესყიდვა შეადგენს 634 მილიონ ლარს, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემთან შედარებით თითქმის განახევრებულია.

”უფრო მეტიც, თუ მიმდინარე წლის მონაცემს გამოაკლდება ზემოთჩამოთვლილი საფუძვლებით განხორციელებული შესყიდვა, სტატისტიკური მაჩვენებელი გაცილებით შთამბეჭდავ სახეს მიიღებს გამარტივებული შესყიდვების მნიშვნელოვანი კლების მიმართულებით.

რაც შეეხება ახლად დაფუძნებული კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს აკრძალვას არ იცნობს კანონმდებლობა, ხოლო კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაადგინოს შესყიდვის არადისკრიმინაციული, პროპორციული და კონკურენციის უზრუნველმყოფი მოთხოვნები, რომლის დარღვევის შემთხვევაში სატენდერო პირობების გასაჩივრება შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ დავების განხილვის საბჭოში. ასევე, მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით სააგენტო პერმანენტულ რეჟიმში ახორციელებს მკაცრ საზედამხედველო ღონისძიებებს და ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ატარებს კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ზომებს. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სააგენტომ დანერგვა ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაშიც კი გამოვლინდეს ყველაზე საუკეთესო პირობების მქონე პრეტენდენტი და მისი შერჩევა აღარ იყოს დამოკიდებული შემსყიდველის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე.

გამარტივებული შესყიდვების მცირე ნაწილის სისტემაში არ ასახვის საკითხზე სააგენტომ არასამთავრობო სექტორთან გამართა არაერთი შეხვედრა, სადაც აღინიშნა, რომ მსგავსი ტექნიკური ხარვეზი მომდინარეობს წინა წლებიდან მემკვიდრეობით, რომლის გამოსწორებასაც სააგენტო ახორციელებს ეტაპობრივად. ვიმედოვნებთ, რომ ტექნიკური ხარვეზი სრულად იქნება აღმოფხვრილი უახლოესი დროის განმავლობაში.

შესყიდვებში მონაწილე კომპანიების დამფუძნებლების ან ხელმძღვანელების მიერ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან კავშირზე, სააგენტო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა ღია, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია ნებისმიერ ეტაპზე ყველა დაინტერესებული პირისათვის, რისი გათვალისწინებითაც შეუძლებელია ვინმესათვის უპირატესობის მინიჭება ან დისკრიმინაციული მიდგომა”,- განაცხადა ლევან რაზმაძემ.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით