ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული საქმე ოპერატიულად გამოიძიოს

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სადაც სახლის ჩხრეკისას 19 წლის ახალგაზრდა დაიჭრა, სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ოპერატიულად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა, დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებას, არ დატოვოს პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც შესაძლოა საზოგადოებას ლეგიტიმურად მიაჩნდეს.

“საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისში ერთ-ერთ სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თ.მ. დაიჭრა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თ.მ. სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას შეეცადა, რის შემდეგაც მოხდა გასროლა და ახალგაზრდა მამაკაცი თავის არეში დაიჭრა.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაჭრილის ოჯახის წევრებს თელავის საავადმყოფოში ესაუბრა, სადაც თ.მ.-ს ოპერაცია უტარდება. სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბრისას ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ სამართალდამცავებმა მძინარე თ.მ.-ს საძინებელ ოთახში შესვლისთანავე ესროლეს, შედეგად, სისხლიანია მისი საწოლი და ბალიში. ოჯახის წევრთა თქმით, ხელყუმბარაც სამართალდამცავებს ეკუთვნოდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახის წევრებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშრებით ურთიერთგამომრიცხავია, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ოპერატიულად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა, დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებას, არ დატოვოს პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც შესაძლოა საზოგადოებას ლეგიტიმურად მიაჩნდეს. მნიშვნელოვანია, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის პროცესში დაცული იყოს ასევე, მოქალაქეთა – სავარაუდო ეჭვმიტანილთა უფლებები. უპასუხოდ დარჩენილი კითხვები ხელს არ შეუწყობს სამართალდამცველთა მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

სახალხო დამცველის აპარატის კახეთის ოფისის თანამშრომელი ასევე შეხვდა საავადმყოფოს დირექტორს და მიიღო ინფორმაცია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს გამოძიების მიმდინარეობის პროცესს“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს