ნინო ლომჯარია - დროა დავსვათ შეკითხვები, რამდენად გამართლებული და ეფექტურია ადამიანის უფლებებში ჩარევის ის მეთოდი, რაც საპოლიციო კონტროლს უკავშირდება

დროა დავსვათ შეკითხვები, რამდენად გამართლებულია, ეფექტურია, თანაზომიერია ადამიანის უფლებებში ჩარევის ის მეთოდი, რაც საპოლიციო კონტროლს უკავშირდება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „რუსთავი2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, მნიშვნელოვანია ჩხრეკისა და მსგავსი ქმედებების განხორციელების დროს მაქსიმალურად მოხდეს ნორმების დაცვა, რათა არ დაირღვეს ადამიანის უფლებები. ლომჯარიას განცხადებით, ასეთი მოქმედებების დაწყებამდე სასურველი იქნებოდა, ადამიანის უფლებებსა და მოვალეობაზე საზოგადოების ინფორმირებულობა. ომბუდსმენი მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩხრეკისა და სხვა მსგავსი მოქმედებების დროს, სამართალდამცავებს ვიდეოკამერით გადაღება მოსთხოვონ, რაც ერთგვარი პრევენცია იქნება, შესაძლო უსაფუძვლო ბრალდებებისგან ან ადამიანის უფლებების შელახვისგან.

„დროა დავსვათ შეკითხვები, რამდენად გამართლებულია, ეფექტურია, თანაზომიერია ადამიანის უფლებებში ჩარევის ის მეთოდი, რაც საპოლიციო კონტროლს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, სანამ ასეთი კონტროლი გამოცხადდება, მოქალაქეებს ეცნობოთ მათი უფლებებისა და მოვალეობების, ასევე, პოლიციელთა უფლება-მოვალეობების შესახებ.

მრავალი ათასი ადამიანი შემოწმდა. ნებისმიერ დროს შესაძლოა ასეთი შემოწმება გადაიზარდოს ისეთ საპროცესო მოქმედებებში, რაც უკავშირდება ჩხრეკასა და პირის დაკავებას. მნიშვნელოვანია, ასეთ დროს მოქალაქის უფლება იყოს დაცული. გარდა ამისა, ჩვენ ვაღიარებთ, რომ სისტემა რეფორმას საჭიროებს, შესაბამისად, როდესაც ასეთი მოქმედება ხდება, არ არის გამორიცხული, მოხდეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, გადამეტება, არასათანადო მოპყრობა და თვითონ სამართალდამცავი ორგანოების პრესტიჟისთვისაც მნიშვნელოვანია, არ ისმებოდეს ასეთი კითხვები.

მოქალაქეებმა სამართალდამცავებს ჩხრეკის დროს უნდა მოსთხოვნ, მოხდეს ვიდეოკამერით გადაღება, რადგან ეს დაიცავს როგორც მოქალაქეებს, ასევე პოლიციელებს, რადგან ასეთი ურთიერთბრალდებები აზარალებს როგორც სამართალდამცავი ორგანოების პრესტიჟს, ასევე ირღვევა ადამიანის უფლებები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო