პრემიერი - 2017-2020 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყლით მომარაგების კომპონენტზე 9 მილიარდ ლარზე მეტს დავხარჯავთ

2017-2020 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყლით მომარაგების კომპონენტზე ჯამში 9 მილიარდ ლარზე მეტს დავხარჯავთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მან მთავრობის მიერ 2017 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„დაწყებულია მუშაობა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. წელს ჩვენ უპრეცედენტოდ მაღალი გვქონდა ბიუჯეტის ათვისება ამ მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ინფრასტრუქტურა არის წამახალისებელი ეკონომიკის აბსოლუტურად ყველა დარგის და ეფექტი ინფრასტრუქტურის განვითარების არის ძალიან მაღალი მთლიანად ეკონომიკაზე. 2017-2020 წლებში ჩვენ ჯამში 9 მილიარდ ლარზე მეტს დავხარჯავთ სივრცითი განვითარების მარტო საგზაო ინფრასტრუქტურის კომპონენტზე და ასევე, წყლით მომარაგების კომპონენტზე. უკვე შენდება 1000 კმ გზა, პროგრამა ხორციელდება გეგმის მიხედვით და გეგმაზე ცოტა წინ ვართ წელს. 350 კმ აქედან არის ჩქაროსნული მაგისტრალი, ხოლო 650 კმ - რეგიონული მნიშვნელობის გზები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი არტერიები რეგიონებში ახალი შესაძლებლობებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს ათობით ათასი მოქალაქის დასაქმება ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.