WEG-მა სემეკის საქმიანობის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა

ანალიტიკურმა ცენტრმა „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც გაანალიზებულია სემეკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და შეფასებულია, თუ რამდენად შეესაბამება მისი უფლებამოსილებები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ევროპული დირექტივების მოთხოვნებს.

WEG-ის ინფორმაციით, კვლევა სემეკის საქმიანობას აფასებს შემდეგი ძირითადი კომპონენტების მიხედვით: მმართველობა, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, ტარიფების დადგენა, ბაზრის მონიტორინგი და ლიცენზიების გაცემა.

კვლევის თანახმად, მიუხედავად ბევრი წინგადადგმული ნაბიჯისა, არსებობს ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის სემეკის, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციონირებას.

”ფორმალურად სემეკი დამოუკიდებელია გადაწყვეტილების მიღებისას და არ ემორჩილება მთავრობის ან ენერგეტიკის სამინისტროს მითითებებს. თუმცა, მარეგულირებლის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო უფლებამოსილებების მნიშვნელოვანი ნაწილი გადანაწილებულია ენერგეტიკის სამინისტროზე. სამინისტრო ადგენს ელექტროენერგიისა და გაზის ბაზრის წესებს, ამტკიცებს ელექტროენერგიისა და გაზის ბალანსს, აფორმებს მემორანდუმებს კომპანიებთან, რომლის საფუძველზეც განსაზღვრავს ტარიფებს და ა.შ. სემეკი მონიტორინგს უწევს ბაზარს, რომლის წესებიც თვითონ არ დაუდგენია. აღნიშნული პრაქტიკა არ შეესაბამება ევროპული დირექტივების მოთხოვნებს. ევროკავშირის კანონმდებლობა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ცალსახად აღნიშნავს, რომ ბაზრის წესებს უნდა ადგენდეს მარეგულირებელი ორგანო”, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის თანახმად, კომისიის დამოუკიდებელი ფუნქციონირებისათვის მნიშნელოვანია კომისიის წევრების შერჩევის საკითხები.

”კანონში ნათქვამია, რომ კომისიის წევრი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია, თუმცა წესი და პროცედურა, თუ როგორ ხდება ვაკანსიის გამოცხადება, რა ეტაპებისგან უნდა შედგებოდეს შერჩევა, რა კრიტერიუმების საფუძველზე არჩევს პრეზიდენტი ან რა კრიტერიუმებით აფასებს მთავრობა განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, კანდიდატების შესაბამისობის შეფასება გართულებულია. მნიშვნელოვანია ასევე, რომ კომისიის წევრი არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების წევრი და თავისუფალი იყოს პოლიტიკური გავლენებისაგან. 2003 წ. კომისიის თავმჯდომარე იყო ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, კომისიონერები იყვნენ ასევე მინისტრის მოადგილეები, პარლამენტარები, პოლიტიკური ლიდერები და ა.შ. ახლახან კი სემეკის წევრად დაინიშნა თბილისის ყოფილი მერი. რაც არ უნდა გახდეს პოლიტიკური გავლენების გაძლიერების საშუალება”, - ნათქვამია კვლევაში.

WEG - ის კვლევის თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, მთავარი ოპოზიციური ძალის წინასაარჩევნო დაპირება ტარიფების განახევრება იყო, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მმართველმა გუნდმა განცხადა, რომ ტარიფების განახევრება არარეალისტური მოლოდინი იყო, თუმცა ტარიფის შემცირება შეიძლებოდა.

”ამ მიზნით საქართველოს მთავრობასა და ენერგოკომპანიებს შორის დაიდო მემორანდუმები, რომლის შედეგადაც, სემეკის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა და ტარიფი მოსახლეობისთვის 300 კვტსთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიისთვის 3.54 თეთრით, ხოლო 300 კვტსთ-ს ზემოთ მოხმარებული ელექტროენერგიისთვის დაახლოებით 2.7 თეთრით შემცირდა, ხოლო იურიდიული პირებისთვის, ტარიფი უცვლელი დარჩა. ენერგეტიკული ტარიფები ხშირად წინასაარჩევნო პოპულისტური დაპირებების თემად გამოიყენება, რაც საზოგადოებაში მარეგულირებლის როლის არასწორ გააზრებას განაპირობებს და ზრდის პოლიტიკური ზეგავლენების საფრთხეს”, - ნათქვამია კვლევაში.

ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ სემეკი, კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშებს, აღსანიშნავია, რომ ანგარიშების შინაარსი წლიდან წლამდე უმჯობესდება და მოიცავს მრავალმხრივ ინფორმაციას და ანალიზს.

”კომისიის წლიურ ანგარიშებში ცალკე თავი ეთმობა ბიუჯეტს და მისი შესრულების პარამეტრებს. კომისიის ბოლო 2 წლის ანგარიშის ეს ნაწილი, წინა წლების ანგარიშებთან შედარებით, გაუმჯობესებულია. ასევე, ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის კუთხით სემეკში, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვანად გაუმჯობესებული მდგომარეობაა. კომისიაში შემოსული განცხადებების და საჩივრების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, საჩივრების რაოდენობის ზრდის ტენდენცია მიუთითებს ერთი მხრივ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და გასაჩივრების პრაქტიკის ხელმისაწვდომობაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ასევე აჩვენებს კომპანიების მომხმარებლებთან ურთიერთობის ნაკლოვანებებს. სემეკის მიხედვით, მიმდინარეობს ელექტროენერგიის, გაზის და წყლის სექტორების მარეგულირებელი მიწოდებისა და მოხმარების წესების სრულყოფა, რაც მკვეთრად შეამცირებს საჩივრების რაოდენობას. რაც შეეხება ტარიფებსა და ფასებს, ელექტროენერგიის სექტორში სემეკი ადგენს რეგულირებადი საწარმოების განაწილების (2 ლიცენზიანტი) გენერაციის (8 ლიცენზიანტი, ) გადაცემის (2 ლიცენზიანტი) და დისპეტჩერიზაციის (ერთი ლიცენზიანტი) ტარიფს. ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშებისას გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული „წამახალისებელი რეგულირების“ (ზღვრული ფასების რეგულირება) და „დანახარჯები პლუს“ რეგულირების პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფენ საწარმოს ეფექტიანობის სტიმულირებას, მის სტაბილურ ფუნქციონირებას, გაწეული გონივრული დანახარჯების ანაზღაურებას და სამართლიანი მოგების მიღებას. სემეკმა 2017 წელს, ახალი მეთოდოლოგიით, პირველად დაადგინა ბუნებრივი გაზის სექტორში ტრანსპორტირების, განაწილების, მიწოდებისა და მოხმარების ტარიფი. აღსანიშნავია, რომ ბოლო დრომდე ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები განსხვავდებოდა 2008 წლის 1 აგვისტომდე და მის შემდგომ მიერთებული მოსახლეობისათვის. პირველთათვის, ტარიფს ადგენდა სემეკი, ხოლო ე.წ „დერეგულირებული“ მოსახლეობისათვის, მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბერის №69 ბრძანების მიხედვით, ფასი დგინდებოდა მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ხელშეკრულების საფუძველზე. 2017 წლის 14 აგვისტოს მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით, ძველი #69 ბრძანების მოქმედება „დერეგულირებულ“ მოსახლეობაზე შეწყდა და მათ ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფი დაუდგინდებათ ისევე, როგორც დანარჩენ აბონენტებს, აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან მოსახლეობა აღარ დარჩება მონოპოლიურ მომწოდებელთან პირისპირ. კვლევის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისთვის მიზანშეწონილია, მარეგულირებელს გააჩნდეს ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებები. რეკომენდებულია არსებული საკანონმდებლო ბაზის ცვლილება იმდაგვარად, რომ ენერგეტიკის სამინისტროსგან სემეკს გადაეცეს ელექტროენერგიისა და გაზის ბაზრების წესის დამტკიცების და გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმების დამტკიცების უფლებამოსილებები. მნიშვნელოვანია ასევე, რომ განისაზღვროს კომისიის წევრის შერჩევის კრიტერიუმები ხოლო კომისიის წევრი შეირჩეს ღია კონკურსის წესით”, - ნათქვამია კვლევაში.