გიორგი აბაშიშვილი ახალი ეკონომიკური საკონსულტაციო საბჭოს წევრი გახდა

საქართველოს ეკონომიკურ გამოწვევებზე შექმნილ ახალ საკონსულტაციო საბჭოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი შეუერთდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს შემადგენლობაში, რომელიც საწყის ეტაპზე 6 მიმართულებაზე იმუშავებს, არიან საქართველოში ცნობილი ეკონომიკური დარგის სპეციალისტები და წარმოადგენენ საქართველოში ყველაზე ცნობილ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

კერძოდ, საბჭოს მიზანია მოახდინოს გლობალური ეკონომიკური ტრენდებისა და ტენდენციების კვლევა, რათა უკეთ გაანალიზდეს საქართველოზე მათი ზეგავლენის კონკრეტული ფორმები.

პროექტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა დააფინანსა და მას დემოკრატიისა და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ახორციელებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ფუძნდება ეკონომიკურ გამოწვევებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფი. კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ საკონსულტაციო ჯგუფის წევრები არიან საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, პროფესიონალი ეკონომისტები.

საკონსულტაციო ჯგუფი იმუშავებს ყველა იმ პრობლემურ აქტუალურ საკითხზე, გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკაშია. ჯგუფი გააკეთებს ამ ყველაფრის ანალიზს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და გააცნობს მას როგორც შესაბამის სტრუქტურებს, ისე საზოგადოება", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი განცხადებით, დღეს ერთერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია არის სწორედ ეკონომიკურ საკითხებზე კვალიფიციური დისკუსია და ამავდროულად, მოსახლეობისთვის კვლავ მთავარ საკითხად რჩება ის სფეროები, რომელიც სწორედ ეკონომიკიდან მომდინარეობს. ეს არის დასაქმება, ჯანდაცვა, ბიზნესის განვითარება.

საბჭო იმუშავებს: მაკროეკონომიკურ პრობლემებსა და სტაბილურობაზე, ინოვაციებსა და თანამედროვე ინდუსტრიულ პოლიტიკაზე, ფინანსებსა და ფულად-საკრედიტო სისტემაზე, საგარეო ვაჭრობასა და ინვესტიციებზე, კონკურენტუნარიანობასა და ფასეულობათა ჯაჭვის ფორმირებაზე, საერთაშორისო ბიზნესის გამოწვევებზე.