საია - შს სამინისტრომ მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით, „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ კანონი დაარღვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ეხება სოფელ ქისტაურში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას, მითითებულია დეტალური ინფორმაცია მოქალაქე თ.შ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - სამინისტრომ ამ ინფორმაციის გასაჯაროებით დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, რომელთა დამუშავებისთვისაც კანონი განსაზღვრავს მაღალ სტანდარტს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს ასევე სპეციალურ/განსაკუთრებულ კატეგორიად აღიარებს ევროპის საბჭოს კონვენცია „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“. შესაბამისად, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში. მოცემულ საქმეში არ იკვეთება კანონით გათვალისწინებული გამონაკლისები (მაგალითად, მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა), რაც ინფორმაციის დამუშავების ლეგიტიმურობაზე მიუთითებდა.

მართალია, ობიექტური გამოძიებისათვის აუცილებელია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესწავლა, თუმცა, მიგვაჩნია, რომ სამინისტროს მხრიდან მოცემულ საქმეში პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროება არ არსებობდა. საქმისადმი მაღალი საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაშიც, სამინისტროს მხრიდან პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის გამჟღავნება, კონკრეტული დაავადებისა თუ სამედიცინო პრობლემის მითითების გარეშე, საკმარისი იქნებოდა საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

ამდენად, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს - იმოქმედოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და სათანადო ყურადღებით მოეკიდოს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების, მათ შორის, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების დამუშავებასა და გასაჯაროებას;

მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს - შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა და გამოიყენოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქციები“, - აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა